ახალი მემარჯვენეები შიმშილობის აქციას უერთდებიან
/ 10 Mar.'08 / 16:11
სივილ ჯორჯია

ოპოზიციის საპროტესტო აქციამ 10 მარტს ახალი იმპულსი შეიძინა მას შემდეგ, რაც შიმშილობის აქციას 6 დეპუტატი შეუერთდა ახალი მემარჯვენეებიდან.

თუმცა, განსხვავებით ხუთი ოპოზიციური პოლიტიკოსისა რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციიდან, რომლებიც პარლამენტის წინ შიმშილობენ, დეპუტატებმა ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში გადაწყვიტეს შიმშილობის აქციის დაწყება.

ახალმა მემარჯვენეებმა, რომლებიც ყოველთვის პროტესტის რადიკალური ფორმების წინააღმდეგი იყვნენ, განაცხადეს, რომ შიმშილობის აქციას ხელისუფლებისგან ოპოზიციის მემორანდუმში ასახული მოთხოვნების შესრულების მოთხოვნით იწყებენ. მოშიმშილეებს შორის ასევე არის ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.

”ჩვენ დღეს მემარჯვენე ოპოზიციის სახელით ვაცხადებთ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში უვადო შიმშილობას მემორანდუმის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძემ, ”იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გონზე მოეგოს ხელისუფლება და მზად იყოს იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სამწუხაროდ ჩვენ სხვა გამოსავალი აღარ გვრჩებოდა, ზემოქმედების არანაირი საშუალება ამ უგუნურ ხელისუფლებაზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე ფრაქციამ, რომელიც ყოველთვის კონსტრუქციული, თანმიმდევრული და პრინციპული იყო თავის პოზიციაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა დღეს უკვე”.

ამ განცხადებამდე ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც დიალოგის ჩიხში შეყვანასა და პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაადანაშაულა. მან ბურჯანაძეს ჟურნალისტების თანდასწრებით საჯარო შეხვედრის გამართვა მოსთხოვა, რათა მემორანდუმში ასახული საკითხები განეხილათ.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განმარტებით, ბურჯანაძის დატვირთული გრაფიკის გამო შეხვედრა შეუძლებელი იყო და სანაცვლოდ ის მათ შეხვედრას 4 საათზე სთავაზობს.

ამასობაში, ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიესალმა ახალი მემარჯვენეების გადაწყვეტილებას და მას ”ვაჟკაცური” უწოდა.

”მე მადლობელი ვარ ახალი მემარჯვენეების ამ სწორი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. მხოლოდ თავისუფალი არჩევნები დაგვეხმარება კრიზისის გადალახვაში,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

9 მარტს პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო სამმა დეპუტატმა და კიდევ ორმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან. მათ პირობა დადეს, რომ აქციას მანამ გააგრძელებენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ისინი ითხოვენ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს; თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის პირობების შექმნას და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს. ოპოზიციის თქმით, აქამდე მხოლოდ რვა ადამიანი გაათავისუფლეს.

თუმცა, გაჩეჩილაძემ 10 მარტს მიანიშნა, რომ შიმშილობის აქცია შეიძლება შეწყდეს, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ახალ 150-წევრიან პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წესზე.

ეს საკითხი ცოტა ხნის წინ áƒ¥áƒ•áƒ”ყნის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა გახდა და დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პროპორციული სიების ხარჯზე მაჟორიტარების რიცხოვნობის გაზრდით, რაზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი მოსმენით 4 მარტს მიიღო, ხელისუფლება ცდილობს მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შესვლის გარანტიები შეიქმნას. 

Civil.Ge © 2001-2024