ბურჯანაძე მემარჯვენეების ნაბიჯს მიტინგზე ხალხის ნაკლებობას უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'08 / 16:09

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ”მოულოდნელი სიურპრიზი” უწოდა ახალი მემარჯვენეების 6 დეპუტატის გადაწყვეტილებას დღეიდან დაიწყოს მის მისაღებში შიმშილობის აქცია და ასეთ გამწვავებაზე წასვლა 9 მარტის აქციაზე ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობის კლებით ახსნა.

”მე ამ აქციის საბაბს ნამდვილად ვერ ვხედავ. თუ ვინმეს სურს ღია კარის მტვრევა იმის გამო, რომ აქციაზე ხალხი მოაკლდათ და დღეს გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად მოეძებნათ გამოსავალი და ტემპერატურის აწევა სცადეს, ეს მათი პრობლემაა, თუმცა ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ,”- განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ, ” მე მესმის, რომ ჩვენმა კოლეგებმა, ოპონენტებმა აირჩიეს გამწვავების გზა და ისინი აპირებენ ბოლომდე ვითარების გამწვავებას. ოპონენტების გადასაწყვეტია პოლიტიკურ ბრძოლაში რა მეთოდებს და რა ტაქტიკას აირჩევენ”.

მან გამოთქვა მზადყოფნა შეხვდეს მოშიმშილე კოლეგებს ახალ მემარჯვენეებიდან 4 საათისათვის,  ”თუ მათ აქვთ რაიმე სასაუბრო და მათი ამოცანა არ არის მხოლოდ შოუს მოწყობა”.

მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ნინო ბურჯანაძეს, როგორც მთავარ მომლაპარაკებელს მმართველი პარტიიდან, პოლიტიკური დიალოგის ჩიხში შეყვანის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება.

”იმის გამო, რომ ახლა საპარლამენტო არჩევნები მოდის, მათი  [ოპოზიციის] ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მე ვარ და აქედან გამომდინარე 2 თვის წინ თუ კონსტრუქციული ვიყავი და შეიძლებოდა ჩემთან საუბარი, დღეს უცებ არაკონსტრუქციული გავხდი,”- განაცხადა ბურჯანაძემ მემარჯვენეების ბრალდების საპასუხოდ.

მან ასევე განაცხადა, რომ 4 მარტამდე, სანამ პარლამენტის პირველი მოსმენით მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატების 75-მდე გაზრდას ითვალისწინებს პროპორციული სიების ხარჯზე, დიალოგის გაგრძელება შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებს ლევან გაჩეჩილაძეს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს და ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს, თუმცა მათგან უარი მიიღო. მაჟორიტარების საკითხმა ოპოზიციასა და მმართველ მარტიას შორის დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დიალოგის თაობაზე შეთავაზება ოპოზიციისთვის ძალაში რჩება.

”რაზეც შეთანხმება მიღწეული არ არის და ჯერ კიდევ ღია არის მოლაპარაკებებისათვის კარი, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს.

Civil.Ge © 2001-2024