მერკელი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოების ნატოში შესვლის წინააღმდეგია
/ 11 Mar.'08 / 11:10
სივილ ჯორჯია

საქართველოს შანსებმა აპრილში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდი დარტყმა მიიღო 10 მარტს მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოები, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია, ვერ გახდებიან ალიანსის წევრები.

”ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ და შიდა კონფლიქტებში არიან ჩაფლული, ვერ გახდებიან ნატოს წევრები,” - იტყობინებიან დასავლური სააგენტოები მის სიტყვებზე დაყრდნობით. კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის სამხედრო სარდლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.

მერკელის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო ”ღიად არ უცხადებდა წინააღმდეგობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებას”. თუმცა, მან აღიარა, რომ ალიანსში კონსენსუსი არ არსებობდა საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის შეთავაზების თაობაზე.     

”არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ იმაზე, თუ როდის უნდა გადავიდნენ საქართველო და უკრაინა ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე - ახლა თუ რამდენიმე თვის შემდეგ,” - განაცხადა მან, ”ამგვარი ტიპის განხილვა გაგრძელდება [ნატოს] ბუქარესტის სამიტის შემდეგაც [2-4 აპრილს] და ის ფაქტი, რომ საკითხი ღია რჩება, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ”.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს პროცესი ”საქართველოზე აღარ არის დამოკიდებული”. ”გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსის წევრები გაითვალისწინებენ ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის იმ ფაქტორებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს,” - განაცხადა ბაქრაძემ. იგი გულისხმობდა რუსეთის წინააღმდეგობას ნატოს გაფართოების მიმართ.

გერმანიის კანცლერი 10 მარტის განცხადებამდე ორი დღით ადრე რუსეთს სტუმრობდა. ”ჩვენ დავეთანხმებით უკრაინელი და ქართველი ხალხის ნებისმიერ არჩევანს, მაგრამ ზუსტად ხალხის და არა პოლიტიკური ელიტის,”- განაცხადა 8 მარტს ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

5 იანვარს საქართველოში ჩატარებულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 6 მარტს განაცხადა, რომ ის ”სკეპტიკურად” არის განწყობილი საქართველოს და უკრაინის MAP-ში გაწევრიანების შანსების მიმართ.

საქართველოს და უკრაინის MAP-ზე გადასვლის მისწრაფება 6 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს MAP-ში მოწვევაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ბუქარესტის სამიტამდე გაგრძელდება. მან იქვე დასძინა, რომ ნატოს კარი ღია რჩება.

Civil.Ge © 2001-2024