დეპუტატებმა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'08 / 17:17
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 159 ხმით, ერთხმად მიიღო მეორე მოსმენით სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 150 წევრიან პარლამენტში 75 მაჟორიტარისა და პროპორციული წესით 75 დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს.

ამ წესის წინააღმდეგ გამოდიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მმართველი პარტიას რეგიონულ პროპორციულ სიებზე ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევასა და კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის წესის გვერდის ავლით საკითხის მიღებაში სდებენ ბრალს.  ოპოზიციის განცხადებით, პროპორციული სიების ხარჯზე მაჟორიტარების რიცხოვნობის გაზრდით, რაც მაჟორიტარული კორპუსის ინიციატივად წარმოჩინდა, ხელისუფლება ცდილობს მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შესვლის გარანტიები შეიქმნას.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტები ოპოზიციისაგან 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის წინააღმდეგ. ეს წესი გულისხმობს 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარის არჩევას. ამდენად, ამჟამად კონსტიტუციაში არსებული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვი 75-მდე დაიკლებს.

ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან 50-მდე მოშიმშილე, მათ შორის დეპუტატები, რომელთა ნაწილი შიმშილობის აქციას პარლამენტის შენობაში, ნაწილი კი მის გარეთ მართავს. ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინააღმდეგ მხარდამჭერებს პარლამენტთან მისვლისკენ áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ა. თუმცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო 9 მარტის მიტინგთან და ოპოზიციის მიერ ადრე ორგანიზებულ აქციებთან შედარებით.

დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს პარლამენტის წინ მხოლოდ რამდენიმე ასეული მომიტინგე მართავდა აქციას. ოპოზიციის აქცივისტებმა პარლამენტის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს, რასაც ოპოზიციამ ”სირცხვილის კორიდორი” უწოდა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერდნენ მხარს. მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ მომიტინგეები მათ პარლამენტში არ უშვებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა უთხრა მათ, რომ ყურადღება არ მიექციათ პიკეტისთვის და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს.

მეორე მოსმენით დღეს მიღებული პროექტი ასევე მოიცავს საპარლამენტო არჩევნებზე 7%-იანი ბარიერის 5%-მდე შემცირებას. 

დღესვე 160 ხმით პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვილილებათა პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მაისში გამართვას ითვალისწინებს.

Civil.Ge © 2001-2024