პრეზიდენტი ოპოზიციის ”არასერიოზულ” ქცევაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'08 / 18:38

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”უპასუხისმგებლოს” უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტს და ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

დღეს პარლამენტმა ოპოზიციის შიმშილობისა და საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო მეორე მოსმენით ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც გულისხმობს 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარის არჩევას. შედეგად, ამჟამად კონსტიტუციაში არსებული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვი 75-მდე დაიკლებს. ოპოზიციის განცხადებით, ეს ხელს აძლევს მმართველ პარტია, რომელსაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის გარანტიების შექმნა სურს. ამ სისტემის საწინააღმდეგოდ ოპოზიცია რეგიონულ პროპორციულ სიებს უჭერს მხარს.

”მე არ მგონია, რომ ვინმეს მაინც არ ესმოდეს, რომ ეს სისტემა [75 მაჟორიტარი] არის სამართლიანი. ახლა თუ რომელიმე პარტია თვლის, რომ სხვა სისტემა ცოტათი უკეთეს პირობებში აყენებს და მეორე სისტემა ცოტათი უარესში, მე მგონი ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მოუწოდო ქვეყნის გადატრიალებისკენ და საერთოდ არევისკენ. მე მგონი ეს ცოტა უპასუხისმგებლოა, რომ არ ვთქვა უფრო მეტი  - არასერიოზული,”- განაცხადა პრეზიდენტმა კახეთის რეგიონში სტუმრობისას.

”მე ვფიქრობ ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საუბარი არა მხოლოდ მეგაფონებში, არამედ უბრალოდ გავაგრძელოთ საუბარი ერთმანეთთან, ბევრად მეტი ვისაუბროთ. ყველანი დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა საკითხი გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ვფიქრობ საბოლოო ჯამში ყველა მონაწილე პოლიტიკური პროცესის მიხვდება, რომ ჩვენ ერთმანეთის იქით გზა არ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ საერთო ენა”.

Civil.Ge © 2001-2024