პარლამენტმა 75 მაჟორიტარის არჩევის სადავო წესი დაამტკიცა
/ 12 Mar.'08 / 14:09
სივილ ჯორჯია

12 მარტს პარლამენტმა 165 ხმით 2-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს.

შედეგად, მანამდე კონსტიტუციით განსაზღვრული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვმა 75-მდე დაიკლო. ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება განაცხადა რა, რომ ეს ხელს აძლევს მმართველ პარტიას, რომელსაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის გარანტიების შექმნა სურს.

მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე მოიცავს საპარლამენტო არჩევნებზე 7%-იანი ბარიერის 5%-მდე შემცირების დებულებას. 

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის შიმშილობის აქციის ფონზე იქნა მიღებული. ამჟამად, ოპოზიციის სულ ცოტა 43 აქტივისტი, მათ შორის დეპუტატები,  განაგრძობენ პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში ახალი მემარჯვენეების ექვსი დეპუტატი მესამე დღეა შიმშილობს. 

კონსტიტუციური ცვლილებების მიღებამდე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც ასევე შიმშილობს თავის თანაფრაქციელთან ერთად, განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მესამე მოსმენით ჩააგდებდა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებს, აღდგება მხარეებს შორის დიალოგის რეჟიმი.

თუმცა მისი ეს წინადადება უარყო მმართველმა პარტიამ. ექსპერტთა ვარაუდით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება უკან არ დაეხია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, რადგანაც ოპოზიციის პროტესტს არ დაუჭირა მხარი ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციამ. ”შიმშილობის აქციას საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ნაკლები შედეგი ექნება,” - განაცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა რამაზ საყვარელიძემ 11 მარტს. 9 მარტს გამართულ აქციაზე 10 ათასზე ნაკლები ადამიანი მივიდა - ეს წინა აქციებზე მისული ხალხის რაოდენობასთან შედარებით ბევრად ნაკლებია - ხოლო მომდევნო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ მოშიმშილეების მხარდასაჭერად.

ამჟამად, პარლამენტის წინ 16 კარავია გაშლილი, სამი მათგანი სამედიცინო დანიშნულებისაა, ხოლო ერთი დიდი კარავი, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ”საკონსულტაციო შეხვედრებისთვის” გამოიყენება. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ოპოზიციური კოალიცია უძღვება. ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან საპროტესტო აქციას, თუმცა ურჩევნიათ, რომ ”მეორე ცხელი წერტილი” პარლამენტის შენობაში იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში. ლეიბორისტული და áƒ áƒ”სპუბლიკური პარტიები საპროტესტო აქციებს არ შეუერთდნენ.

ამასობაში, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა, მოშიმშილეებს პროტესტის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. ”ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ კონსულტაციები მემორანდუმში ასახულ საკითხებზე,” - განაცხადა მან. ”მოვუწოდებ მოშიმშილეებს შეწყვიტონ პროტესტი და დაიწყონ მზადება საარჩევნო კამპანიისთვის”.

მემორანდუმში ასახული ერთ-ერთი საკითხი მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის წესიც იყო. თავდაპირველად, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ამ სისტემამ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. ხელისუფლებამ ოპოზიციის საპასუხო მემორანდუმში, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე”.

ოპოზიციამ ბურჯანაძე დაპირების შეუსრულებლობაშიც დაადანაშაულა. ”თქვენ თანხმობას აძლევთ ქვეყანაში ქაოსის დაწყებას,” - მიმართა დეპუტატმა გიგა ბუკიამ კონსერვატორული პარტიიდან ბურჯანაძეს სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ.  

”ოპოზიცია იქნება პასუხისმგებელი,” - უპასუხა ბურჯანაძემ. ”ოპოზიციის ყველა ნაბიჯი მიმართული იყო, როგორც ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ [ოპოზიციურმა დეპუტატმა] მითხრა ცოტა ხნის წინ, სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და ხელისუფლების პროვოცირებისკენ; ჩვენ არ წამოვეგებით რაიმე პროვოკაციაზე და ხალხი სწორად განსჯის და როგორც ჩანს, ხალხი უკვე მიხვდა რაც ხდება,” მან მინიშნება იმაზე გააკეთა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს განუცხადეს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ და ბოლომდე განაგრძობენ შიმშილობას.

 

Civil.Ge © 2001-2024