რესპუბლიკელები ბურჯანაძეს უტევენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Mar.'08 / 16:10

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ”პოლიტიკური წონის არ ქონამ” და ”უუნარობამ” შეიყვანა დიალოგის პროცესი ჩიხში, აცხადებენ რესპუბლიკელები და ბურჯანაძეს სიცრუეში სდებენ ბრალს.

”სწორედ ბურჯანაძის უუნარობამ და მისი მხრიდან  პოლიტიკური წონის არ ქონამ შეიყვანა დიალოგი ჩიხში, სწორედ იმან, რომ მას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება და უნარი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებები შესრულებულიყო შეიყვანა დიალოგი ჩიხში,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ”და ეს ყველაფერი მინდა ერთხელ და სამუდამოდ ცალსახად აღვნიშნო, რომ იყო იმის შედეგი, რომ 2004 წელს თავად ნინო ბურჯანაძე შევიდა ბინძურ პოლიტიკურ გარიგებაში იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც სრულიად უკანონოდ იმყოფებიან დღეს პარლამენტში”.

ამჟამინდელ პარლამენტში 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად არჩეული მაჟორიტარები და 2004 წლის მარტში პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები შედიან. ბურჯანაძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას შიმშილობის აქციის შეწყვეტისაკენ და მემორანდუმის ”ყველა” საკითხზე დიალოგის განახლებისაკენ მოუწოდა.

”პარლამენტის თავმჯდომარემ  დღეს რამოდენიმე ტყუილი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე იტყუება, როდესაც აცხადებს. რომ მემორანდუმის ყველა საკითხზე დიალოგის კარი ღიაა,”- აცხადებს ხიდაშელი. 

მან მიმართა ბურჯანაძეს დააზუსტოს შესაძლებელია თუ არა დიალოგის გაგრძელება პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე 75 მაჟორიტარის არჩევასთან დაკავშირებით.

”მე მაინტერესებს ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეუთოსთან შეთანხმებული პირობა, რომ რეგიონალური-პროპორციული სისტემით იქნებოდა მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში, ისევ დღის წესრიგშია? თუ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ საკითხზე დიალოგის უკვე შეუძლებელია? რას ნიშნავს ”ყველა საკითხი” იქნებ დაგვიზუსტოს ქალბატონმა ბურჯანაძემ?”- აცხადებს ხიდაშელი.

მან ასევე განაცხადა, რომ ბურჯანაძე ”იტყუებოდა”, როცა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან დაკავშირებით ოპოზიციამ შეიყვანა დიალოგი ჩიხში.

”ბურჯანაძემ და ხელისუფლებამ უარი თქვა კანდიდატზე, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია 1 თვის განმავლობაში არცერთი გვარი და სახელი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ველოდებით მათ მიერ კანდიდატის წარმოდგენას და ამ თემაზე საუბარი იმიტომ არის შეჩერებული, რომ ვერ ჩამოყალიბდა ხელისუფლება ვინ უნდა იხილოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად,”- განაცხადა ხიდაშელმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად რეკომენდაციას უწევს ჟურნალისტ ია ანთაძეს და გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორს ლაშა ტუღუშს.

რესპუბლიკელები ასევე მოითხოვენ კონკრეტულ პასუხს აპირებს თუ არა მმართველი პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენებას და საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტული წესით დაკომპლექტებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მიღწეული შეთანხმების ვადა 15 მარტს იწურება.

”თარხნიშვილი რა აღარ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან რამე მეშლება და ვინმემ პასუხი აგო იმ საარჩევნო დარღვევებისათვის და გაყალბებისთვის, რომელსაც 2008 წლის 5 იანვარს ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა ხიდაშელმა, ”არიან თუ არა მზად ისინი ცესკოს თავმჯდომარე იყოს შეთანხმებული და ცესკო პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდეს? ამ საკითხზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ ამ თემაზე საუბარი აღარ მიმდინარეობს”.

ბურჯანაძეზე შეტევა რესპუბლიკელებმა მას შემდეგ მიიტანეს, რაც მანამდე მისი მოწოდების საპასუხოდ დიალოგის განახლების თაობაზე, ახალმა მემარჯვენეებმა სპიკერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში მოშიმშილე 7 მემარჯვენე დეპუტატის მთავარი მოთხოვნა დღეიდან ბურჯანაძის გადადგომაა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მთავარი სამიზნე ხდება იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

Civil.Ge © 2001-2024