საქართველოს MAP-ს ნატო-ს ექვსი სახელმწიფო ეწინააღმდეგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Mar.'08 / 19:41

გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, იტყობინება Financial Times-ი 14 მარტს.

მართალია ბრიტანეთი ემხრობა ამ ორი ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2-4 აპრილს გაიმართება, იტყობინება Financial Times-ი.

ამავე ცნობის მიხედვით, გერმანიამ დაიწყო კომპრომისული წინადადების შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი სტატუსი საქართველოსა და უკრაინისთვის, რომელიც თავისი დონით უფრო დაბლა იდგება, ვიდრე MAP-ი. გაზეთის ცნობით ეს იქნება ე.წ. ”სამოქმედო გეგმა,” რომელიც რეალურად, როგორც ჩანს, არ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 11 მარტს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ახლა არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის, ”რასაც ისინი თავადაც აღიარებენ”. თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ბიძგი მისცენ საკუთარ თავს, როგორც ისინი ითხოვენ და როგორც ჩვენ სხვებს დავეხმარეთ, წევრობის სამოქმედო გეგმის საშუალებით. MAP არის შემდეგი ნაბიჯი მათთვის და ამ ნაბიჯის გადადგმის დრო მთავარი საკითხი იქნება ბუქარესტის სამიტზე”.

იმავე მოსმენაზე, ჯეიმს თაუნსენდმა, რომელიც აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამებს კურირებს, განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინამ და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღონ MAP-ი. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ თუ ამის შესახებ კონსესუსი არ არსებობს ალიანსის შიგნით, მაშინ წევრმა სახელმწიფოებმა, ”თუ სურთ დარწმუნდნენ, რომ დემოკრატია კვლავაც ვითარდება საქართველოში,” ეს გადაწყვეტილება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაინც უნდა მიიღონ.

Civil.Ge © 2001-2024