სააკაშვილი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე უარს აცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Mar.'08 / 16:24

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ თბილისი არ მოაწერს ხელს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას, რასაც სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვენ.

”დღეს როდესაც გვეუბნებიან მოდის მოაწერეთ ხელი ახალ ხელშეკრულებას თქვენი შეიარაღებული ძალების არ გამოყენების. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ გვინდა  ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. მაგრამ ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას?” - განაცხადა სააკაშვილმა და რამდენიმე შეთანხმება გაიხსნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელთაც 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოეწერა ხელი. მისი თქმით, ამ შეთანხმებებს, რომელთაც ”მოღალატე” ქართველმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს ხელი, შედეგად მოყვა ქართული შეიარაღების გატანა კონფლიქტის ზონიდან და თანდათან აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა.

”ერთხელ ასე გვაჭამეს და მეორედაც უნდათ, რომ ასე ვჭამოთ? ნურას უკაცრავად. ჩვენ აქ გამოცდილებაც გვაქვს უკვე, ცოტა ჭკუაც,” - განაცხადა მან.

სააკაშვილი დღეს ქართული არტილერიის დღის აღსანიშნავად გორის სამხედრო ბაზას ეწვია და ჯარისკაცებს განუცხადა, რომ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა მათი ბრალი არ იყო, არამედ ეს იყო, მისი თქმით, ”ხელისუფლების მხრიდან ღალატის” ბრალი. შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, რუსეთის ”აგენტი” იყო.

თავის გამოსვლაში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს,სააკაშვილმა შეაქო საქართველოს შეიარაღებული ძალები და გააკრიტიკა ის სკეპტიკოსები, რომელთაც, მისი თქმით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს არმია კარგად განვითარებული არ არის.  

მისი თქმით, საქართველოს 33 000 პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე და 100 000 რეზერვისტი ჰყავს. ”4 წლის წინ ჩვენ გვყავდა 2 ათასზე ცოტა მეტი ჯარისკაცი, ჩვენი ავიაციის რაოდენობა თვითმფრინავებში გაიზარდა 2-ჯერ, ვერტმფრენებში გაიზარდა 3-ჯერ, მომზადებული მფრინავების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ, ჩვენი ტანკების რაოდენობა გაიზარდა 20-ჯერ, ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი 2004 წელს იყო 30 მლნ დოლარამდე და მისი დიდი ნაწილი იპარებოდა და დღეს ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი არის მილიარდ დოლარამდე და თითოეული თეთრი ხმარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერეს და განვითარებას,” - განაცხადა მან. 

მისი თქმით, ნატოს შემაფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოს იანვრის ბოლოს ეწვია, დაწერა ”ბრწყინვალე შეფასება იმისა, თუ სად იმყოფება ჩვენი სამხედრო რეფორმა. ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, მათ შორის ბევრი ნატოს ქვეყნისათვის, რომელიც ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ადრე ნატოში გაწევრიანების შანსებს,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უზარმაზარი ზეწოლა მიმდინარეობს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გეგმის მინიჭება. ეს საკითხი ალიანსის ბუქარესტის სამიტზე უნდა გადაწყდეს, რომელიც 2-4 აპრილს იგეგმება.

 

Civil.Ge © 2001-2025