სააკაშვილი ”გადამწყვეტ მომენტში” კვლავ ერთიანობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'08 / 10:29
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვლავ მოუწოდა ოპოზიციას ერთიანობისკენ გარე საფრთხეების არსებობის ფონზე, ურჩია მათ შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. მან პროტესტის ამ ფორმას ”არაქრისტიანული” უწოდა.

”ახლა არის ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის,” - განაცხადა მან 16 მარტს, ”ერთის მხრივ, მიდის უზარმაზარი ბრძოლა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ეს არის ნამდვილად უზარმაზარი გეოპოლიტიკური ბრძოლა საქართველოს ირგვლივ. და მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ სიტუაცია ძალიან კრიტიკულია საქართველოს რეგიონებთან [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან] მიმართებაში. ამრიგად, მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება და ჩვენ ყველას მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ”.

სააკაშვილმა ეს განცხადება გუშინ ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, სადაც ის 19 მარტს აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდება.    

”მინდა ყველას ვუთხრა, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას, როგორც ზომიერად, ისე რადიკალურად განწყობილებს, ახლა დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ასევე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც შიმშილობს, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმას მიმართეს, რომელიც არაქრისტიანულია,” - განაცხადა მან. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციამ სააკაშვილის ამ განცხადებას ”ამორალური” უწოდა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ”პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში და მაისში დანიშნა არჩევნები; მაგრამ ახლა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ზუსტი დღე”.

”მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და ეს არჩევნები უნდა ემსახურებოდეს ჩვენი საერთაშორისო პოზიციის გამყარებას,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ გაძლიერებასა და კონსოლიდაციაზე... ეს არის ჩვენი ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი და მჯერა, რომ ყველა ქართველი გაიგებს ამას”.

ამასობაში, პარლამენტის წინ ოპოზიციის დაახლოებით 60-მდე აქტივისტი განაგრძობს შიმშილობის აქციას. 16 მარტს შიმშილობის მერვე დღე იყო იმ ხუთი  მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც პირველებმა დაიწყეს ეს აქცია.  მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ.

შვიდი áƒ“ეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე შვიდი დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).

14 მარტს ახალმა მემარჯვენეებმა თავიანთი მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახადეს, ნინო ბურჯანაძეს მოლაპარაკებების პროცესში დადებული პირობების შეუსრულებლობაში დასდეს ბრალი და მისი გადადგომა მოითხოვეს.   

ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებებს სწორედ ბურჯანაძე მართავდა, რადგანაც ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილს ”არალეგიტიმურს” უწოდებს და მასთან დიალოგზე უარს აცხადებს. ბურჯანაძის კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პარლამენტმა 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნის ახალი წესი დაამტკიცა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბურჯანაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმები წინასაარჩევნო ხრიკია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სიის სათავეში, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე იქნება. 

Civil.Ge © 2001-2024