საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა გაგრძელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Mar.'08 / 11:25

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა 15 მარტიდან 23 მარტამდე გაგრძელდა.

ამის მიზეზად სამეურვეო საბჭომ დაასახელა პოტენციური კანდიდატების მიერ საჭირო დოკუმენტების მოსაგროვებლად დროის ნაკლებობა . თუმცა, ამ გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიცია დაადანაშულა იმაში, რომ ვერ მოხერხდა გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე შეთანხმება, რადგანაც ოპოზიციამ უარი თქვა დიალოგის გაგრძელებაზე. თუმცა, თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ დაასახელა მისთვის სასურველი კანდიდატურა, თუმცა ხელისუფლებამ ის უარყო, áƒ—უმცა სანაცვლოდ არავინ დაუსახელებია.

ხიდაშელმა უარი თქვა ოპოზიციის კანდიდატურის დასახელებაზე; თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ჟურნალისტს და პოლიტიკურ მიმომხილველს ია ანთაძეს უჭერდა მხარს, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე.   

ახალმა ცხრა-წევრიანმა სამეურვეო საბჭომ, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა, გენერალური დირექტორი 4 აპრილამდე უნდა დაასახელოს.


 

Civil.Ge © 2001-2024