ოპოზიცია კრიზისის მოსაგვარებლად ევროპას შუამავლობას თხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'08 / 13:08
სივილ ჯორჯია

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შუამავლის როლი შეასრულოს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რათა მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კრიზისის მოგვარებას დაეხმაროს.

”საქართველოს ოპოზიცია ხელახლა ადასტურებს თავის მზადყოფნას დიალოგისათვის ქვეყნის ინტერესების შესატყვისად, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობს არათანაბრობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში და შესაძლებლობაში გააცნოს თავისი პოზიცია და თავისი მოთხოვნების კანონიერება საზღვარგარეთ, ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს აიღონ თავის თავზე მედიატორობა უკანასკნელი შანსის მოლაპარაკებებში,” - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია, ასევე რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები აწერენ ხელს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მოწოდება უპირველეს ყოვლისა მიმართულია ”თავისი ევროპელი პარტნიორებისადმი, რომ დაეხმარონ ამ მწვავე ფაზის გადალახვაში, რათა განახლებულ იქნას შეწყვეტილი სვლა დემოკრატიისაკენ.” 

ოპოზიცია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე შიმშილობის აქცია არის  უკიდურესი ქმედება და პროტესტის ყველაზე მშვიდობიანი ფორმა, ხელისუფლების ”უტეხობის” საპასუხოდ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიერ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება შეეწყვიტა საპროტესტო აქციები და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები განეახლებინა მმართველმა პარტიამ აღიქვა, როგორც ოპოზიციის ”სისუსტე”, რასაც შემდეგ მოყვა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ამ ახალმა სისტემამ დიდი დარტყმა მიაყენა მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების ოპოზიციის შანსებს.

ამასობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ 19 მარტს თბილისში აშშ-ს საელჩოს წინ საპროტესტო აქციას გეგმავს. ეს აქცია ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრას დაემთხვევა.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან 17 მარტს განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია ”ანტიამერიკული” ხასიათს არ ატარებს. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ”სტრატეგიული პარტნიორია”, თუმცა, იქვე დასძინა, რომ აშშ-მ ”უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ იმ ხელისუფლებას მიიღებს, რომელიც ხალხმა აირჩია” და არა გარედან დანიშნულ ”გუბერნატორს”.

კონსერვატორული პარტიის ცნობით, 17 მარტს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში ოპოზიციის 70-ზე მეტი აქტივისტი შიმშილობდა. მოშიმშილეებს შორის 12 ოპოზიციონერი დეპუტატია.

18 მარტს შიმშილობის მეათე დღეა იმ ხუთი áƒ›áƒáƒ¨áƒ˜áƒ›áƒ¨áƒ˜áƒšáƒ”სთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც პირველებმა დაიწყეს ეს აქცია.  მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე ცხრა დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა). 

ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ შიმშილობას, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გადადგება. ოპოზიციურმა კოალიციამ აღნიშნა, რომ იზიარებენ ახალი მემარჯვენეების ამ მოთხოვნას, თუმცა ამას მთავარ პრიორიტეტად არ მიიჩნევენ. რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის გადადგომა ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას.

ამასობაში, ბურჯანაძემ კვლავ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ. 18 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა: ”მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, რომ გადადონ გარკვეული პირადი ამბიციები გვერდით და ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რაც მართლა საქმესთან არის დაკავშირებული”.

 

Civil.Ge © 2001-2024