თარგამაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'08 / 14:05

ხელისუფლება დიპლომატიური გზებით ეცდება რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მაგრამ თუ ეს მცდელობა არ იქნება საკმარისი, ეს მიზანი ”ჩვენი შეიარაღებული ძალების მეშვეობით” მიიღწევა, განაცხადა გივი თარგამაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. 

”ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ და ძალიან გააფრთებულ მცდელობას იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ დიპლომატიური გზებით ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და თუ ეს გზები არ იქნება საკმარისი, მაშინ მოვახერხოთ ამის გაკეთება ჩვენი შეიარაღებული ძალების მეშვეობით,”- განაცხადა თარგამაძემ 17 მარტს ”რუსთავი 2”-ზე თოქ-შოუ Primetime-ში საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარების პარალელურად, თბილისი განაგრძობს ”გააფრთებულ მცდელობას” ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. ”სწორედ ამას აკეთებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იმყოფება ამერიკაში,”- დასძინა თარგამაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ს სტუმრობს, სადაც ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

 

 


 

Civil.Ge © 2001-2024