ქართული პრესა ტელეკომპანია ”იმედის” ირგვლივ არსებულ პრობლემებზე წერს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'08 / 19:54

ხელისუფლება ზეწოლას ახდენს გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, რათა აიძულოს უარი თქვას ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელობაზე, წერს 18 მარტს ქართული პრესა. თუმცა ხელისუფლება უარყოფს რაიმე სახის ზემოქმედებას ”იმედის” ხელში ჩაგდების მიზნით.

ამ თემას დღეს გაზეთები ”ალია” და ”რეზონანსი” აშუქებენ. საგაზეთო ცნობებით, ჯერ კიდევ  პატარკაციშვილის ცხედრის ლონდონიდან თბილისში გადმოსვენებამდე ერთი კვირით ადრე, ბიზნესმენის მეგობარმა გოგი ჯაოშვილმა, რომელიც ”ალიას” ინფორმაციით დოკუმენტებით ფიქსირდება, რომ ”იმედის” მფლობელი იყო,  ტელეკომპანიის ქონება ამერიკელ ჯოზეფ ქეის იგივე იოსებ კაკალაშვილს სასამართლო წესით გადაუფორმა. ეს უკანასკნელი, გაზეთის ცნობით, ბადრი პატარკაციშვილის დეიდის გერია. ”ალიას” ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟამად მოლაპარაკებებს ტელეკომპანიის თაობაზე სწორედ ჯოზეფ ქეისთან აწარმოებენ.

”საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი, [შს მინისტრი ვანო] მერაბიშვილის და [ყოფილი გენპროკურორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ] ადეიშვილის დახმარებით, ქონების დათმობის მიზნით პატარკაციშვილის ოჯახზე ზეწოლას ახორციელებს,”- აცხადებს გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში გოგა ხაინდრავა ოპოზიციური კოალიციიდან, ”სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაახშოს ”იმედი”, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოება ერთ მუშტად შეიკვრება”.

ხაინდრავა ცოტა ხნის წინ ლონდონს სტუმრობდა, სადაც ტელეკომპანიის ბედთან დაკავშირებით ესაუბრა პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცნობილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი. ხაინდრავად განცხადებით, ინა გუდავაძე ”იმედთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებას 23 მარტის შემდეგ გააკეთებს.

”დეტალებზე ქალბატონი ინა [პატარკაციშვილის მეუღლე] ისაუბრებს”, - აცხადებს ხაინდრავა, ”მიდის ”იმედის” ხელისუფლებისთვის გადაცემაზე ზეწოლა და ამით აშანტაჟებენ ოჯახს... გამოჩნდა ხელისუფლების მოგზავნილი ავანტიურისტი ვინმე ჯოზეფ ქეი, სოსო კაკალაშვილი, რომელიც ცდილობს áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ—ვისოს ბადრის ოჯახის საკუთრება და ხელისუფლებას გადასცეს ეს წილები... აცხადებს, რომ ”იმედის” მართვის უფლებაც აქვს”.

ტელეკომპანია ”იმედს”, რომლის ლიცენზიის შეწყვეტის საკითხის განხილვა დროებით მოხსნილია დღის წესრიგიდან, ყადაღა 22 იანვარს დაედო, პატარკაციშვილის სხვა ქონებასთან ერთად. 

გაზეთ ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი ბიზნესმენის და, ნანა პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიას ყადაღა ოჯახისგან მალულად ახსნეს და ადასტურებს, რომ გოგი ჯაოშვილმა ჯოზეფ ქეის გადაუფორმა ”იმედის” ქონება, რომელიც ამ უკანასკნელმა ხუთი წლის მართვის უფლებით სხვა პიროვნებას გადასცა. დეპუტატი ნანა პატარკაციშვილი არ ასახელებს პიროვნებას, ვისაც გააჩნია ამჟამად ”იმედის” მართვის უფლება.

”ეს ყველაფერი, ვიმეორებ, ჩემი ძმის ოჯახის, მისი მეუღლისა და შვილების და ჩვენი გვერდის ავლით მოხდა,”- დასძენს იგი.

”იმედის” თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და უარყო ხელისუფლების კავშირი ამ საკითხთან.

”მე რამდენადაც ვიცი, ეს არის შიდა ოჯახური დავა და ეს არის იურისტების გადასაწყვეტი. ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ ჩამოართმევს. ეს არ არის კომპანია, რომელიც მარტო საქართველოსთან იქნებოდა დაკავშირებული, თქვენ იცით, რომ აქ ძალიან სერიოზული უცხოური კომპანიები და იურისტებიც არიან ჩარეული. ჩვენ აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ ვართ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ

Civil.Ge © 2001-2024