სააკაშვილი აფხაზეთზე ახალ წინადადებებს წარადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Mar.'08 / 20:32

პრეზიდენტი სააკაშვილი 18 მარტს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს პან გი-მუნს შეხვდა და კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში თბილისი სოხუმს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე განახლებულ წინადადებებს შესთავაზებს.

”ჩვენ კონსულტაცია გვქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე საქართველოში არსებულ და უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაციასთან და შემუშავებულ წინადადებებს - კონფლიქტის გადაწყვეტის დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი და ახლებური მიდგომის შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში მაგიდაზე დავდებთ,”- განაცხადა სააკაშვილმა,”ჩვენ მოველით მათგან [აფხაზური მხარისგან] დიალოგის განახლებას ყველა საკითხზე”. 
 
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ითხოვს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეცვლას, რადგან ის ”კონტრპროდუქტიულია” და უნდა შეიცვალოს ახალი ფორმატით.

განცხადებაში, რომელიც საქართველოს ტელეკომპანიებმა გადასცეს, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც სანქციებს უწესებს აფხაზეთს, დსთ-ს სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატის შემოღებამდე, საქართველო ითხოვს გაეროსგან დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პირობებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, თუ ”როგორ უნდა გადაწყდეს კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში”.


 

 


 

Civil.Ge © 2001-2025