![]() |
|||
ვაშინგტონმა არ მიიღოს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს ”არალეგიტიმური” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით, ამ მოთხოვნით დღეს რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში აშშ-ს საელჩოსთან. ”ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელმაც პირდაპირ ”გააპრავა” სააკაშვილის არალეგიტიმური არჩევნები და მე უბრალოდ მინდა ვთხოვო ნუ შეაძულებენ ქართველ ხალხს ამერიკელებს,” - განაცხადა აქციაზე კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. ”5 იანვარს ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი, როდესაც სააკაშვილს უთხრა - არა. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში ჩვენი მეგობრებისგან პატივი სცენ ქართველი ხალხის ამ არჩევანს,” - განაცხადა კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატმა კახა კუკავამ, ”საქართველოში უნდა ჩატარდეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა ჩატარდეს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა, ვინც საქართველოს მეგობარია, დაგვანახოს საქართველოს მეგობრობა”. ”ქართველ ხალხს სურს მეგობრობა და პარტნიორობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მარიონეტები, ყმები არავისი არ ვიქნებით,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც მე-11 დღეა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს, ”თუ ამერიკის ხელისუფლებას სურს იხილოს მეგობარი საქართველო, მან უნდა იმეგობროს ქართველ ხალხთან და არა ტირანთან და დიქტატორთან”. დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ ასევე მოუწოდა აშშ-ს მთავრობას დაარწმუნოს ხელისუფლება, რათა განახლდეს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, 24 მარტს ტელეკომპანიის დასაცავად პარლამენტის წინ მიტინგი იგეგმება. ”დღისით მზისით პატარკაციშვილის ოჯახს ართმევენ ”იმედს”. ეს არის დემოკრატია? რად უნდათ ამხელა საელჩო, თუ ამაზე ხმა არ ამოიღეს,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ აშშ-ს საელჩოს მისამართით, ”იმედი, რომ იყოს დღეს გახსნილი, არავინ იშიმშილებდა ქვეყანაში იმიტომ, რომ ჩვენ გვექნებოდა საშუალება სწორი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის და ვიქნებოდით არჩევნებით დაკავებული და არ იქნებოდა ვიღაცეების სიცოცხლე რისკის ქვეშ დაყენებული”. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025