![]() |
|||
პარლამენტმა დღეს 126 ხმით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით, თუმცა პარასკევისთვის გადადო იმ მუხლების განხილვა, მათ შორის მაჟორიტარული არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის საგანია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას რჩება 2 დღე კოდექსის საბოლოო დამტკიცებამდე, რათა შეაჯეროს პოზიციები მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. კოდექსის საბოლოო მიღება 21 მარტს იგეგმება. ”ჩვენ არ ვჭრით საბოლოოდ გზებს,”- განაცხადა კენჭისყრის წინ მაჭავარიანმა, ”დღეს მათგან [ოპოზიციისგან] იყო სიგნალი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს თავი შეგვეკავებინა კენჭისყრისგან. ამდენად, ველით მათგან წინადადებებს”. თუმცა, იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ისინი არ აპირებენ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაზე დათანხმებას, რომელიც 75 მაჟორიტარის მრავალმანდატიანი ოლქებიდან არჩევას გულისხმობს, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქებისა, რასაც ხელისუფლება უჭერს მხარს. ”მე ვფიქრობ, რომ პრინციპი - ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი - აღარ გადაისინჯება, თუმცა თუ საარჩევნო კოდექსის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით არის სხვა წინადადებები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ,”- განაცხადა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორმა პავლე კუბლაშვილმა საკითხის განხილვისას. სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა მეორე ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად ხელისუფლებამ, ხოლო შემდეგ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, რაც ითვალისწინებს პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 75-დან 100 ან 110-მდე, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების ხანგრძლივი პროცედურა ესაჭიროება. ამ ინიციატივას, რომლის განხორციელებაზე აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მზაობა გამოხატა, შესაძლოა სხვა ოპოზიციონერებმაც დაუჭირონ მხარი, გარდა რესპუბლიკური პარტიისა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დამატებითი სიების გაუქმებას, გასაჩივრების პროცედურების დეტალურად გაწერას, საარჩევნო უბნებში ვიდეოთვალის დამონტაჟებას, ორის ნაცვლად ერთი შემაჯამებელი ოქმის არსებობას და სხვა ტექნიკურ საკითხებს. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025