ბუშმა ”ურყევი მხარდაჭერა” აღუთქვა საქართველოს ნატოში მისწრაფებას
/ 20 Mar.'08 / 10:44
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა ბუშმა განუცხადა ვაშინგტონში მყოფ თავის ქართველ კოლეგას, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატოში აპრილში ბუქარესტის სამიტზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 მარტს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”ყველაფერი, რისი მოსმენაც სურდა”, მან მოისმინა ამერიკელი კოლეგისგან. 

შეხვედრის შემდეგ ორივე პრეზიდენტმა გააკეთა პრესისთვის განცხადებები, თუმცა მათთვის კითხვები არ დაუსვამთ.

”ბუქარესტის სამიტი გვიახლოვდება. საქართველოს მისწრაფების საკითხი ბუქარესტის სამიტზე გადაწყდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა, ”ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) განაცხადის გაკეთება, რა თქმა უნდა პრეზიდენტმა [სააკაშვილმა] კარგად იცის, რომ არ ნიშნავს გაწევრიანებას. MAP არის პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავი კომფორტულად იგრძნონ იმ ქვეყანასთან, რომელიც ალიანსში შემოერთებას აპირებს. მე მჯერა, რომ ნატო სარგებელს მიიღებს საქართველოს წევრობისგან. მჯერა ასევე, რომ საქართველოც მიიღებს სარგებელს ნატოს წევრობისგან. და მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ეს არის გზავნილი, რომელსაც მე მალე ბუქარესტში წავიღებ”.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე პირადად სააკაშვილი შეაქო. მან განაცხადა: ”მე აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტით. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და რას აკეთებს საქართველო”.

საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, ბუშმა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე ისაუბრა და შეაქო სააკაშვილის áƒ›áƒ—ავრობა ”ძალიან გამარტივებული საგადასახადო კოდექსის” მიღების გამო. ”მე ვცადე ჩვენი საგადასახადო კოდექსის გამარტივება. ეს ისეთი რთულია. გილოცავთ, რომ თქვენ გაამარტივეთ და ასევე გილოცავთ იმას, რომ ზრდის ასეთ ტემპებს მიაღწიეთ,” - განაცხადა მან.

შემდეგ ბუში მიესალმა საქართველოს ”წვლილს დემოკრატიის განვითარებაში” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ”ისეთ ადგილებშიც, როგორიცაა ერაყი”. 19 მარტს ხუთი წელი გავიდა ერაყის ომიდან.

”საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ძალები, რომელიც იქ მიავლინეს, არიან გაბედული, მამაცი პროფესიონალები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს,” - განაცხადა ბუშმა.

თავის კომენტარებში პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბუშის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ”ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა და ურყევი მხარდაჭერის გამო, ასევე საქართველოს საზღვრების დაცვისა და საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერის გამო”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ”დარჩება როგორც ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჩვენი ხალხის გონებაში და ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება”.

2004 წლიდან ეს უკვე მეოთხე შეხვედრაა ორ პრეზიდენტს შორის. 2005 წლის მაისში აშშ-ს პრეზიდენტი თბილისს სტუმრობდა.

Civil.Ge © 2001-2024