ბურჯანაძე პატარკაციშვილის ქვრივთან შეხვედრას ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'08 / 13:18

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე დაადასტურა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივთან ინა გუდავაძესთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედზე” მოლაპარაკებებში ის არ ჩართულა. 

19 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელს უშლის ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას და ”თვითმარქვიების” მეშვეობით კომპანიის ჩამორთმევას ცდილობს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები აწარმოვა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ”მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია”.

”ჩემთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არ არის თემა და ფორმატი, სადაც შეიძლება მოლაპარაკებები წარმოებდეს,”- განუცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, ”მე ქალბატონ ინას ნამდვილად შევხვდი, მან მთხოვა შეხვედრა და ბუნებრივი იყო ჩემის მხრიდან დათანხმება, მაგრამ კონკრეტული მოლაპარაკებები ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა. იყო საკითხები, რომელიც ქალბატონ ინას აინტერესებდა და მე მას ვუთხარი, რომ არის კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეუძლიათ  ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და მე რამდენადაც ვიცი ის კონკრეტულად ამ ადამიანებს დაუკავშირდა”.

”იმედის” თემაზე ნინო ბურჯანაძემ კომენტარი 18 მარტს, პატარკაციშვილის ქვრივის განცხადებამდე ერთი დღით ადრეც გააკეთა.

”ეს არის შიდა ოჯახური დავა და ეს არის იურისტების გადასაწყვეტი,”- განაცხადა მან, ”ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ ჩამოართმევს. ეს არ არის კომპანია, რომელიც მარტო საქართველოსთან იქნებოდა დაკავშირებული, თქვენ იცით, რომ აქ ძალიან სერიოზული უცხოური კომპანიები და იურისტებიც არიან ჩარეული. ჩვენ აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ ვართ”.

Civil.Ge © 2001-2024