ოქრუაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'08 / 15:58

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და ლილი გელაშვილმა უარი განაცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე.

ამის გამო ირაკლი ოქრუაშვილს დაენიშნა სახაზინო ადვოკატები მელიტონ ბენიძე და ზურაბ ჯორჯიაშვილი, იუწყება საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური.

სასამართლოში ოქრუაშვილის საქმის განხილვა 17 მარტს, განსასჯელის დაუსწრებლად განახლდა, რაც მისმა ადვოკატებმა გააპროტესტეს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ეკა ბესელიამ საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს პარიზის სასამართლომ ქალაქიდან გაუსვლელობის შეზღუდვა დაუწესა და იგი ვერ შეძლებდა თბილისში სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა განაცხადა რა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის განსასჯელის გარეშე განხილვის შესაძლებლობას.

ბესელიამ, რომელიც ოქრუაშვილის პარტიის პოლიტიკური მდივანია, განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გამოუტანოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს განაჩენი, რათა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვოს. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს განაჩენი გამოტანილია.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს, ამჟამად პარიზში შიდა პატიმრობაში იმყოფება. საფრანგეთის სასამართლომ მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხი 16 აპრილს უნდა გადაწყვიტოს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის საქმის განხილვა 24 მარტს áƒ’ანახლდება.  

Civil.Ge © 2001-2024