ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'08 / 16:37

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრს, რომ გენერალური დირექტორის პოსტზე ისეთი კანდიდატურა შეარჩიონ, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შეთანხმებით დანიშვნა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის წარმოებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

”[ოპოზიციასთან] მოლაპარაკებების ერთ-ერთი პუნქტი ისიც გვაქვს, რომ იქნებ შევთანხმდეთ თქვენთან კონსულტაციების შედეგად იმ ადამიანზე, ვინც ზოგადად ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა, სამეთვალყურეო საბჭოსთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს თქვენი პრეროგატივაა და ამას ვერავინ თავს ვერ მოგახვევთ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე, ”მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ  იყოს ისეთი ადამიანი წარმოდგენილი და დამტკიცებული, რომელიც თქვენ სტანდარტსაც აკმაყოფილებს და ასევე საზოგადოების ყველა სტანდარტს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს”.

კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭომ დამოუკიდებლად უნდა შეარჩიოს ახალი გენერალური დირექტორი კონკურსის წესით . ამ თანამდებობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 15-დან 23 მარტამდე გახანგრძლივდა, ხოლო დირექტორი სამეურვეო საბჭომ 4 აპრილისთვის უნდა დანიშნოს.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათ შესთავაზეს სასურველი კანდიდატურა მმართველ პარტიას, რომელმაც ის დაიწუნა, თუმცა სანაცვლოდ არავინ დაუსახელებია.

ამასობაში, სამეურვეო საბჭომ უკვე მოამზადა ახალი დირექტორისათვის რეკომენდაციები არხის პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციებს შორის არის: საეთერო დროში ახალი ამბებისათვის გამოყოფილი დროის ხვედრითი წილის შემცირება; საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში áƒ“ებატების ფორმატე აქცენტირება; ეროტიკის, ძალადობისა და სისასტიკის ამსახველი ეპიზოდების გადაცემის შეზღუდვა; სერიალების ჩანაცვლება მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ზრდის ხარჯზე; არხის თვითრეკლამის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ა.შ.

სამეურვეო საბჭომ 19 მარტს, საღამოს ღია ეთერში პროგრამული პრიორიტეტების დახვეწის მიზნით ასევე გამართა ინტერაქციული შეხვედრა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან და მათი რეკომენდაციები მოისმინა.  საბჭოს წევრების თქმით, საზოგადოებრივ არხს ცვლილებები უკვე შემოდგომისთვის უნდა დაეტყოს.

Civil.Ge © 2001-2024