ოპოზიციის წარმომადგენლები პატრიარქს ხვდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'08 / 19:45

ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების ხუთი წარმომადგენელი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან მართავენ შეხვედრას მას შემდეგ, რაც უწმინდესმა მოუწოდა მათ შიმშილობის აქციის შეწყვეტისაკენ.

პატრიარქმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის განმუხტვისთვის.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისინი გამართავენ შიდა კონსულტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადენ თავიანთი გადაწყვეტილების თაობაზე პატრიარქის მოწოდებასთან დაკავშირებით.   

პარქიარქთან გამათულ შეხვედრაში მონაწილეობენ ოპოზიციური კოალიციის წევრი გიორგი ხაინდრავა, ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ეკა ბესელია მოძრაობა ერთიანი საქართველოდან, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე ახალი მემარჯვენეებიდან.

დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან, რომელიც უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს, პატრიარქის მოწოდების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ღრმა პატივისცემას საქართველოს პატრიარქის მიმართ. ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები შეხვდებიან მას და პატრიარქის განცხადებაში გახმოვანებულ საკითხებზე იმსჯელებენ”.

”მასთან ვაპირებთ შეხვედრას, რათა დეტალები განვიხილოთ... ჩვენ განვიხილავთ არსებული სიტუაციის დეტალებს და იმ საკითხებს, რამაც კრიზისამდე მიგვიყვანა და რამაც გვაიძულა შიმშილობის აქცია დაგვეწყო,” - განაცხადა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ, რომელიც მეთერტმეტე დღეა შიმშილობს.

პატრიარქის მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ უკვე გაიზიარა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ექვსმა წევრმა დანარჩენი ოპოზიციის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა პარტიის ოფისში 11 მარტიდან დაიწყო. 

”ეროვნულ დემოკრატიული-პარტიის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის შეწყვეტს შიმშილობის აქცია და იმედს გამოთქვამს, რომ ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს ქვეყნის ხელისუფლება და წავა კომპრომისზე,”- განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც მე-10 დღეა შიმშილობს.

 

Civil.Ge © 2001-2024