ოქრუაშვილი ტელეკომპანია ”იმედზე” ყურადღების გადატანას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'08 / 12:08

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ხალხს ”ხელიდან უსხლტება” ტელეკომპანია ”იმედი” ხელისუფლების მიერ ”კულისებში” განხორციელებული გარიგებების გამო. მან ოპოზიციას ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. 

”ბოლო დასაყრდენი დემოკრატიისა - ტელეკომპანია ”იმედი” - ჩამოართვეს [პატარკაციშვილის] ოჯახს,” - განაცხადა ოქრუაშვილმა 20 მარტს გადაცემა Primetime-თან ინტერვიუში პარიზიდან.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ”იმედის” ჩამორთმევის ფონზე, დრო არ არის იმაზე კამათისა, 15 თუ 20 მანდატით მეტი იქნება თუ არა მომავალ პარლამენტში. ”ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიმაღლოთ ხმა ამაზე [ტელეკომპანია იმედზე],” - განაცხადა მან. 

ქართული პრესა იტყობინებოდა ცოტა ხნის წინ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” აქციები ფორმალურად გაფორმდა გოგი ჯაოშვილზე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა აქციების 70% ჯოზეფ ქეის, იგივე იოსებ კაკალაშვილს გადასცა, რომელიც ქართული პრესის ინფორმაციით, პატარკაციშვილის დეიდის გერია. გაზეთ ”ალიას” ცნობით, ჯოსეფ ქეისთან საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

”ეს სქემა, რომელიც ახლა განხორციელდა ტელეკომპანია ”იმედთან” მიმართებაში არის ზუსტად ანალოგიური იმ სქემისა, რომელიც განხორციელდა წელიწად ნახევრის წინ ”რუსთავი 2”-თან მიმართებაში,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”წელიწად ნახევრის წინ პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიბარა ქიბარ ხალვაში [ოქრუაშვილის ახლო მეგობარი, რომელიც ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” წილების  მფლობელი იყო] და მოთხოვა 75% თუ 80% მის მფლობელობაში არსებული ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” წილების გადაფორმება ჯერ ბიძინა ივანიშვილზე, შემდეგ რატომღაც შეეცვალათ შეხედულებები და მოთხოვეს უკვე გადაფორმება [დავით] ბეჟუაშვილზე [დეპუტატი და გელა ბეჟუაშვილის ძმა], შემდეგ ისევ შეეცვალათ შეხედულებები და უკვე გადააფორმეს საკაშვილის ახლობლებზე - კომპანია GeoMedia-ზე”.

ტელეკომპანიების ”მზე” და ”რუსთავი 2”-ს მფლობელია ორი კომპანია - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ძმა დავით ბეჟუაშვილი. დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

ინტერვიუში ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, ხელს შეუშლიან ამაში, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ოქრუაშვილის საქმის მოსმენას მომავალ კვირას განაახლებს. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს, ამჟამად პარიზში შიდა პატიმრობაში იმყოფება. საფრანგეთის სასამართლომ მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხი 16 აპრილს უნდა გადაწყვიტოს.  

ოქრუაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესს უკანონოდ მიიჩნევენ, რადგანაც პარიზის სასამართლოს ჯერ მისი ექსტრადიციის საკითხი არ განუხილავს.

ოქრუაშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე სასამართლო მოსმენა ”პოლიტიკური ფარსია”.  
 
  


 

Civil.Ge © 2001-2024