იმედის ”ახალი მფლობელი” უარყოფს მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'08 / 17:43

პიროვნება, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანია ”იმედის” ახალ მფლობელია, უარყოფს, რომ ხელისუფლებამ მასთან გარიგების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოა.

ჯოზეფ ქეიმ, იგივე იოსებ კაკალაშვილმა, 21 მარტს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან  ხანმოკლე სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის იყო ”იმედის” ახალი მეპატრონე.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ 19 მარტს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელს უშლის ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას და ”თვითმარქვიების” მეშვეობით კომპანიის ჩამორთმევას ცდილობს.

გაზეთები ”ალია” და ”რეზონანსი” წერდნენ ცოტა ხნის წინ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” აქციები ფორმალურად გაფორმდა გოგი ჯაოშვილზე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა აქციების 70% ჯოზეფ ქეის, იგივე იოსებ კაკალაშვილს გადასცა, რომელიც ქართული პრესის ინფორმაციით, პატარკაციშვილის დეიდის გერია. გაზეთ ”ალიას” ცნობით, ჯოზეფ ქეისთან საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

”რუსთავი 2”-თან საუბრისას ჯოზეფ ქეიმ ამას სისულელე უწოდა.

”მათ ჩემთან არ უსაუბრიათ ამ თემაზე. თუ მათ მსგავსი რამ უნდოდათ, პირველად ჩემთან უნდა ესაუბრათ, რადგანაც მე ვარ მფლობელი,” - განაცხადა მან.

20 მარტს პარიზიდან გადაცემა Primetime-თან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ხალხს ”ხელიდან უსხლტება” ტელეკომპანია ”იმედი” ხელისუფლების მიერ ”კულისებში” განხორციელებული გარიგებების შედეგად. მისი თქმით, ტელეკომპანიას ჯოზეფ ქეი აკონტროლებს, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს სააკაშვილის ადმინისტრაციასთან. ოქრუაშვილის თქმით, კოტე კემულარიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გააცნო ქეი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, როდესაც ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო.

ოპოზიცია 24 მარტს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს ხელისუფლების მცდელობების წინააღმდეგ ხელში ჩაიგდოს ”იმედი”. 

 


 

Civil.Ge © 2001-2024