პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'08 / 19:44
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 21 მარტს 134 ხმით 2-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც 75 ერთმანდატიან ოლქებში თითო მაჟორიტარის არჩევას და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წარმომადგენლით ფორმირებას ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ გამორიცხა ოპოზიციის წინადადების გათვალისწინება, რომელიც მრავალმანდატიან ოლქებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ ოპოზიცია მზად იყო შიმშილობის აქცია შეეწყვიტა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შესულმა ერთადერთამ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა კენჭისყრამდე კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას ”პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად” და ”ნორმალურ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასასვლელად” გაეთვალისწინებინა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე შეთავაზება, რომელზეც  ”პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული”.

”იქნება მაინც დაფიქრებულიყავით,”- მიმართა ბერძენიშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან, ”ნუ იქნებით იმის იმედად, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი არ მოვა იმ პირობებში, რომ ქაღალდზე დაწერილი არ არის ადეკვატური იმისა, რაც ქვეყანაში ხდება”.

”თქვენ ისე იქცევით თითქოს 2 ნოემბერი არ ყოფილა, 13 და 20 იანვარს 100 ათასობით ადამიანმა გაყალბებული არჩევნები არ გააპროტესტა, თითოს ეუთოს დასკვნაში არ ეწეროს, რომ უბნების 23%-ში [5 იანვრის საპრეზიდენტო] არჩევნები ცუდად ამ ძალიან ცუდად ჩატარდა,”- განაგრძო მან, â€áƒáƒ›áƒ˜áƒ¡ შემდეგ თქვენ გვთავაზობთ სარჩევნო კოდექსში ისეთ ცვლილებებს, რომელიც იმაზე უარესია, ვიდრე იყო იმიტომ, რომ თქვენ გეშინიათ ამომრჩევლების და და ხელოვნური მექანიზმებით ცდილობთ ამ [საპარლამენტო] ადგილების შენარჩუნებას”.

ბერძენიშვილმა მოითხოვა მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად საჭირო ამომრჩევლის მხარდაჭერის 30%-იანი ზღვარის 50%-მდე გაზრდა, თუმცა მმართველი პარტიისაგან უარი მიიღო, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ საკუთარი მაჟორიტარების გაყვანა ხელისუფლებას პირველივე ტურში სურს და ოპოზიციასთან შესაძლო მეორე ტურს გამორიცხავს.

თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ისინი ბევრ დათმობაზე წავიდნენ. მათ შორის იმაზე, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები მაჟორიტარები ვერ გახდებიან. მიღებული ცვლილებების თანახმად, მხოლოდ პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

იმავდროულად, მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ოპოზიციის შენიშვნა გასაჩივრების ვადების 1-დან 2-დღემდე გაზრდის თაობაზე, თუმცა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესი არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესს ვერ დააბრკოლებს. საპარლამენტო არჩევნები 20-დღეში უნდა შეჯამდეს.

გარდა ამისა, კოდექსში ასახულია ვიდეო-თვალის მასალების გამოყენების უფლება დარღვევის გამოაშკარავების მიზნით. თუმცა დაინტერესებულ სუბიექტს  ვიდეო-ჩანაწერის მხოლოდ 15-წუთიანი მონაკვეთის ნახვის უფლება ექნება.

ასევე საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია ოპოზიციის შენიშვნა საარჩევნო კომისიებში საჯარო მოხელეების შეყვანის დაუშვებლობის თაობაზე.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, აღარ იქნება დამატებითი სიები, რაც ორჯერ ხმის მიცემის მექანიზმად არის მიჩნეული.


 

Civil.Ge © 2001-2024