ტელეკომპანია ”იმედის” ახალი მფლობელი ”ძველი იმედის” აღდგენას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Mar.'08 / 10:26

პიროვნებამ, რომლის თქმითაც ის ტელეკომპანია ”იმედის” ახალი მფლობელია, განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ”უნდა აღიდგინოს მისი სახე, რომელიც მანამდე ჰქონდა, სანამ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკაში წავიდოდა”.

ჯოზეფ ქეიმ, იგივე იოსებ კაკალაშვილმა, პატარკაციშვილის დეიდის გერმა 22 მარტს ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მან ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შემდეგ”. მან უარყო განცხადებები, რომ ამ გარიგების უკან ხელისუფლება დგას. მან ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე, ამ უკანასკნელმა სთხოვა მას ”მიეხედა იმედისთვის”.

გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ”იმედის” მიერ დეკემბერში საქართველოს კომუმიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-ი - კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ 19 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლებას ცდილობს ”იმედის” ხელში ჩაგდებას ”თვითმარქვიების” დახმარებით.

ოპოზიციამ 24 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

ამასობაში, ჯოსეფ ქეი 22 მარტს თბილისში ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობას ბიძინა ბარათაშვილს და ლუის რობერტსონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენ რაიმე დოკუმენტები ჯერ არ გვინახავს და ეს არ იყო ადგილი, სადაც ამგვარი საკითხები განიხილება. შესაძლოა, მომავალ კვირას უფრო სერიოზული საუბარი გვექნება ამ საკითხზე”.  

 

Civil.Ge © 2001-2024