პატარკაციშვილის ოჯახი: ”ყოვლად დაუშვებელია ”იმედის” საკითხის პოლიტიზირება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Mar.'08 / 17:43

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ მოხდეს პატარკაციშვილის ქონებისა და კერძოდ, ტელეკომპანია ”იმედის” გარშემო არსებული დავის ”პოლიტიზირება”.

”საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პრობლემები შემექმნა ჩემი მეუღლის კუთვნილი ქონების, მათ შორის ტელერადიოკომპანია ”იმედის” ჩემს კანონიერ მფლობელობაში გადმოცემასთან დაკავშირებით,” - განაცხადა გუდავაძემ 24 მარტს წერილობით განცხადებაში, ”ჩემი ბრიტანელი იურისტების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება”. 

მისი თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმედი აგრძელებდეს ფუნქციონირებას და ”ემსახურებოდეს ქართველ ხალხს”. ”დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო წესით მივაღწევთ სამართლიანობის აღდგენას,” - დასძინა მან.

ეს განცხადება რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას, რომელიც დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება. ოპოზიციის თქმით, აქცია მიმართული იქნება ხელისუფლების მცდელობების წინააღმდეგ ხელში ჩაიგდონ ”იმედი”.

 

Civil.Ge © 2001-2024