მმართველი პარტიის უკომპრომისობის ფონზე ოპოზიცია ზეწოლას აძლიერებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 11:05
სივილ ჯორჯია

მიმდინარე შიმშილობის აქციასთან ერთად, ოპოზიციამ განაცხადა, რომ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს, რათა აიძულოს ხელისუფლება ძირითად საარჩევნო საკითხებზე კომპრომისზე წავიდეს.

24 მარტს საღამოს პარლამენტის წინ დაახლოებით 10 000 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც მოგვიანებით სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება მოაწყვეს.

24 მარტის საპროტესტო აქციამ, რომელიც დაიწყოთ ლოზუნგით ”დავიცვათ ტელეკომპანია იმედი”, უფრო მეტი ხალხი მოიზიდა, ვიდრე 9 მარტიდან მოყოლებულმა წინა აქციებმა. სწორედ ამ დღეს დაიწყო ოპოზიციურმა კოალიციამ შიმშილობის აქცია.

თუმცა აქციის მონაწილეთა რიცხვი შუაღამისთვის შემცირდა, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა ღამე უნდა გაათენონ და არ დაიშალონ.

აქციის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა მხარდამჭერებს, რომ მან ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ ქართული ინტელიგენციის ხუთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბურჯანაძემ ვერ შეძლო ”კონკრეტული პასუხის გაცემა”. ”მან კიდევ ერთი დღე მოითხოვა, რადგანაც როგორც ჩანს მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება,” - განაცხადა მსახიობმა გოგი ქავთარაძემ. როდესაც მან განუცხადა პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს, რომ ”კიდეც ერთი დღე მივცეთ [ბურჯანაძეს] პასუხისთვის”, მისი ხმა ხალხის შეძახილებმა ჩაახშო ”არა, არა”.  შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება მოეწყოთ, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.

ოპოზიცია 20 მარტიდან მოყოლებული ერთადერთ მოთხოვნას აყენებს - 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქებისა. მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ 75 ერთმანდატიან ოლქში თითო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას.

ხელისუფლებას იმ სისტემის შენარჩუნება სურს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას 21 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები.

”არჩევნები ჩატარდება კანონის თანახმად, რომელიც უკვე მიღებულია,” - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან გუშინ საღამოს გადაცემა Primetime-ში.

იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი შეინარჩუნებს პოსტს და ის ჩაატარებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს.  

ანალოგიური პოზიცია გაახმოვანა გიგა ბოკერიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთმანდატიან ოლქებში 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის თაობაზე ”არ გადაიხედება”.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან 24 მარტს განაცხადა: ”ერთადერთი გზა არსებობს ვაიძულოთ ხელისულება კომპრომისზე წავიდეს: შევიკრიბოთ კანცელარიის წინ და ჩვენი ხმა გავაგონოთ”.

ამასობაში, პარლამენტის წინ 40-მდე აქტივისტი განაგრძობს შიმშილობის აქციას.

25 მარტს áƒ›áƒ”-17 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან, მათ შორის სამმა დეპუტატმა შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ. ექვსი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე 16 დღეა შიმშილობს (დეპუტატი ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).

 

 

Civil.Ge © 2001-2024