საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებას დაემუქრება - მედვედევი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 11:57

რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპის უსაფრთხოებას.

”ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს საქართველოს და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა ევროპის უსაფრთხოების არსებული სტრუქტურისთვის,” - განაცხადა მედვედევმა Financial Times-სთან ინტერვიუში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა, ”არც ერთ სახელმწიფოს არ ესიამოვნება იხილოს თუ როგორ უახლოვდებიან სამხედრო ბლოკის წარმომადგენლები, რომლის წევრიც თავად არ არის, მის საზღვრებს”.

აპრილის დასაწყისში ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტი მიიღებს გადაწყვეტილებას შესთავაზოს თუ არა საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).

პრეზიდენტმა ბუშმა თავის ქართველ კოლეგას 19 მარტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ იგი ბუქარესტის სამიტზე შეეცდება დაიყოლიოს ალიანსის წევრები საქართელოს MAP-ი მიანიჭონ.   

Civil.Ge © 2001-2024