ახალი მემარჯვენეების ორმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 13:16

შიმშილობის მე-16 დღეს ახალი მემარჯვენეების ორმა დეპუტატმა ლაშა ნარჩემაშვილმა და დავით უჯმაჯურიძემ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

”ისინი გადავიყვანეთ სახლებში და კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ, რომ მათ გააგრძელონ შიმშილობა,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძემ.

ახალი მემარჯვენეების ექვსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში სამართლიანი არჩევნების პირობების შექმნის მოთხოვნით შიმშილობა 10 მარტს დაიწყო. მათ აქციას 13 მარტს შეუერთდა მემარჯვენეების ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ირაკლი იაშვილი.

მემარჯვენეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი თანაპარტიელები პარლამენტის შენობაში შიმშილობენ, ოპოზიციური კოალიციის ხუთი პოლიტიკოსისგან და მათი მხარდამჭერი აქტივისტებისგან განსხვავებით, რომლებიც მე-17 დღეა პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში შიმშილობენ, ბურჯანაძის მისაღებში პირობები ”გაუსაძლისია”. 

 

Civil.Ge © 2001-2024