სააკაშვილი ოპონენტებზე, ტელეკომპანია ”იმედზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 16:47

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”რადიკალურ” ოპოზიციას 21 მაისის არჩევნების ჩაშლა სურს, თუმცა ამას ხელისუფლება არ დაუშვებს, რადგან 5 იანვრის პლებისციტზე ”ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მას უნდა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე”.

პრეზიდენტმა კახეთში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ ”აუცილებლად” გაიხსნება. 24 მარტს პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქციის მთავარი მოთხოვნა იყო დაუბრუნდეს ”იმედი” ხალხს.

მან ასევე შეთავაზა ოპოზიციას ინტეფრაქციული ჯგუფის ფორმატში განახლდეს დიალოგი საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაზეც.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”განიცდის” მოშიმშილეთა მდგომარებას და სამედიცინო პერსონალს მათი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ კონტროლზე აყავანას ავალებს.

გთავაზობთ ქართული ტელევიზიებით გადაცემული პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარის სრულ ტექსტს:

”მე პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთე. შევთავაზე ძალიან ბევრი რამე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს იმისათვის, რომ ყველა ყოფილიყო კმაყოფილი და ნორმალურ ვითარებაში ჩაგვეტარებინა არჩევნები.

რაღაცეებზე შევთანხმდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ წინადადებაზე რაღაც მომენტის გამო - ბოლო წუთში შიდა შეუთანხმებლობის გამო, ყოყმანის გამო, გადაუწყვეტელობის გამო თუ სიტუაციის გამძაფრების სურვილის გამო  - ბევრმა მათგანმა [ოპოზიციიდან] თქვა უარი.

ახლა, რასაც მე ვუყურებ ოპოზიციის ერთ რადიკალურ ნაწილს, სურს უბრალოდ არჩევნების ჩაშლა.

ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მას უნდა არჩევნები გაზაფხულზე. და ჩვენ ქართველი ხალხის ნებას აუცილებლად შევასრულებთ - არჩევნების ჩატარდება გაზაფხულზე და ქართველი ხალხი აირჩევს ისეთ ხელისუფლებას და ისეთ პარლამენტს, რომელიც მოემსახურება და გააგრძელებს ხალხის ასე სამსახურს.

მე მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რომ ეს იქნება ძალიან სუფთა, ძალიან გამჭირვალე არჩევნები.

მე კიდევ ერთხელ ვიწვევ ყველა ჯგუფებს, პარტიებს შევქმნათ ჩვენთან ინტერფრაქციული ჯგუფი, ვითამაშოთ, ვიმუშაოთ, რომ ერთად გავაკეთოთ საქმე, რომ კარგად დაკომპლექტდეს კომისიები, გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, დამკვირვებლები იყოს უზარმაზარი რაოდენობით და რაც მთავარია, ქართველი ხალხის არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ხალხს რაც უნდა ის გაკეთდეს.

ძალიან ვწუხვარ, რომ [ოპოზიციის] ამ რადიკალური ნაწილის კიდევ უფრო რადიკალური ნაწილი მიმართავს შიმშილობას და სხვა ასეთ ფორმებს. მე ამას მართლა ძალიან განვიცდი. მე მინდა ვთხოვო და ვთხოვე კიდეც ექიმებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რაიმე სახის გართულება თავიდან ავიცილოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ნუ ეთამაშებიან ნურც საკუთარ ჯანმრთელობას და განსაკუთრებით, ნურც სხვის ჯანმრთელობას.

მაგრამ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. არჩევნები  ჩატარდება მაშინ, როცა ხალხმა თქვა.

არის საუბრები ტელევიზიებზე, რა თქმა უნდა, უნდა გაიხსნას ყველა ტელევიზია, მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველა ტელევიზია, მათ შორის ტელევიზია ”იმედი” აუცილებლად გაიხსნება. სამართლებრივი პროცედურები, ისეთი პროცედურები, მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება ისე როგორიც არის დემოკრატიის და თავისუფლების ფარგლებში.

და ამას ვერავინ ვერც დაუდგება წინ და ვერც შეცვლის. როგორც ხალხს უნდა ყველაფერი, ყოველთვის გაკეთდება ზუსტად ასე. ამაზე ნურავის ნურანაირი ილუზია ნუ ექნება.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ პრობლემებზე ჩვენი საზოგადოების და ჩვენ ამ პრობლემების გადაწყვეტას მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენ საზოგადოებას”.

Civil.Ge © 2001-2024