სააკაშვილი ოპოზიციასთან დათმობაზე არ მიდის
/ 25 Mar.'08 / 17:15
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”რადიკალურ” ოპოზიციას 21 მაისის არჩევნების ჩაშლა სურს, თუმცა ამას ხელისუფლება არ დაუშვებს, რადგან 5 იანვრის პლებისციტზე ”ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მას უნდა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე”.

პრეზიდენტმა 25 მარტს კახეთში ჟურნალისტებთან საუბრისას ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით რაიმე დათმობებზე წასვლას.

მისი თქმით, მან ყველაფერი სცადა, რომ ეთანამშრომლა ოპოზიციასთან. ”შევთავაზე ძალიან ბევრი რამე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს იმისათვის, რომ ყველა ყოფილიყო კმაყოფილი და ნორმალურ ვითარებაში ჩაგვეტარებინა არჩევნები,” განაცხადა მან. ” რაღაცეებზე შევთანხმდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ წინადადებაზე რაღაც მომენტის გამო - ბოლო წუთში შიდა შეუთანხმებლობის გამო, ყოყმანის გამო, გადაუწყვეტელობის გამო თუ სიტუაციის გამძაფრების სურვილის გამო  - ბევრმა მათგანმა [ოპოზიციიდან] თქვა უარი”. 

”ახლა, რასაც მე ვუყურებ, ოპოზიციის ერთ რადიკალურ ნაწილს, სურს უბრალოდ არჩევნების ჩაშლა,” - დასძინა მან.

ოპოზიციის ლიდერებმა რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციიდან და ახალი მემარჯვენეებიდან 25 მარტს განაცხადეს, რომ განაგრძობენ შიმშილობის და საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია ერთადერთ მოთხოვნას აყენებს - 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქებისა. ამ მოთხოვნას რესპუბლიკური პარტიაც იზიარებს, თუმცა შიმშილობის აქციაში არ მონაწილეობს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ”ოპოზიციის რადიკალური ნაწილის” მცდელობებისა, არჩევნები ჩატარდება გაზაფხულზე, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ თარიღად 21 მაისი გამოცხადდა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ძალიან წუხს, რომ ”ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილი” შიმშილობს. ”მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ნუ ეთამაშებიან ნურც საკუთარ ჯანმრთელობას და განსაკუთრებით, ნურც სხვის ჯანმრთელობას. მაგრამ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. არჩევნები  ჩატარდება მაშინ, როცა ხალხმა თქვა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ ჩატარდება ძალიან ”სუფთა და გამჭირვალე” არჩევნები და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს განაგრძონ დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ ”აუცილებლად” გაიხსნება. 24 მარტს პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქციის მთავარი მოთხოვნა იყო დაუბრუნდეს ”იმედი” ხალხს.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება ”თვითმარქვიების” საშუალებით ცდილობს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას 26 მარტს განაახლებს. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების საკითხის განხილვას დაიწყებს, თუ ტელეკომპანია 26 მარტს მაუწყებლობას არ განაახლებს, რადგანაც ამ დღეს ზუსტად სამი თვე გავა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

”მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველა ტელევიზია, მათ შორის ტელევიზია ”იმედი” აუცილებლად გაიხსნება. მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორიც არის დემოკრატიის და თავისუფლების ფარგლებში,” - განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024