ოპოზიცია შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე მსჯელობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 17:29

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიცია და ახალი მემარჯვენეები შიდა კონსულტაციებს მართავენ შიმშილობის აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ იდეას ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის, დეპუტატ მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საჭიროა შიმშილობის აქციის შეწყვეტა და წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლა.

”ამით ჩვენ ხელისუფლების წისქვილზე ვასხამთ წყალს. მართლა თავი ხომ არ უნდა შეაკლან ამ მოშიმშილეებმა? საჭიროა შიმშილობის შეწყვეტა და არჩევნებისთვის მზადება”, - განუცხადა Civil.ge-ს მანანა ნაჭყებიამ, ”თუმცა არიან მოწინააღმდეგეები, რომელთაც არ სურთ ამის გაკეთება”.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე და განაცხადა, რომ ”მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ წამოვიდოდა”

”ახლა ოპოზიციის წევრები დასხდებიან და მოვილაპარაკებთ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა ნაჭყებიამ.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ოპონენტების ”რადიკალური” ნაწილის სურვილის მიუხედავად, ჩაიშალოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. მან ასევე სინანული გამოთქვა შიმშილობის აქციის გამო.

ამასობაში, ორმა დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო დეპუტატი ზვიად ძიძიგური კონსერვატორული პარტიიდან ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

Civil.Ge © 2001-2024