ოპოზიცია შიმშილობის აქციას წყვეტს
/ 25 Mar.'08 / 20:28
სივილ ჯორჯია

ოპოზიციამ შეწყვიტა ჩვიდმეტდღიანი შიმშილობის აქცია ისე, რომ ვერ აიძულა ხელისუფლება დათმობებზე წასულიყო ძირითად საარჩევნო საკითხებზე.

25 მარტს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასიან აქციაზე გამოსვლისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა: ”ვამთავრებთ შიმშილობის აქციას, áƒ›áƒáƒ’რამ ბრძოლას ვაგრძელებთ”.

ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლას და ასევე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდება შეეწყვიტათ შიმშილობის აქცია. ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთი გადაწყვეტილების მოტივად პატრიარქის მოწოდება დაასახელეს. რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ შიმშილობის აქცია 9 მარტს დაიწყო, ხოლო დეპუტატები ახალი მემარჯვენეებიდან მათ 10 მარტს შეუერთდნენ.

”სააკაშვილმა ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ბეჭებზე დაგდებთ შენ [მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს] და შენ თარხნიშვილს [ცესკოს თავმჯდომარე],” - განაცხადა დავითაშვილმა აქციაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია ასევე წყვეტს საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ. ეს განცხადება ზოგიერთმა მხარდამჭერმა გააპროტესტა. ერთმა ქალბატონმა ოპოზიციას ”მოღალატეებიც” კი უწოდა. თუმცა, დავითაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს ხვალ ტელეკომპანია ”იმედთან” შეიკრიბონ, რათა დაიცვან ტელევიზია, როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისგან. შიმშილობის აქციის შესახებ  გადაწყვეტილების წინააღმდეგ ზოგიერთი მოშიმშილეც გამოვიდა. ერთ-ერთ მოშიმშილეს გიორგი ხაინდრავასთან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება ამ გადაწყვეტილების გამო. მოგვიანებით, ხაინდრავამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ აქცია არ დაიშლებოდა და ღამეს გაათევდა ”იმედის” მხარდასაჭერად.

აქციაზე გამოსვლისას კობა დავითაშვილმა ასევე გააფრთხილა: ”თუ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, როგორც ეს 5 იანვარს მოხდა, ოპოზიცია ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს. თუ სააკაშვილს ახალი რევოლუცია უნდა, იგი მიიღებს ამ რევოლუციას, მაგრამ ეს არ იქნება ხავერდოვანი რევოლუცია,” - დასძინა მან.

შიმშილობის აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიები ახლა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება ოპოზიციას არჩევნების წინ. ადრე ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ისინი ერთიანი ძალებით იყრიან კენჭს პარლამენტში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების ერთობლივმა შიმშილობის აქციამ წარმოშვა ვარაუდები, რომ ამ ორმა ჯგუფმა შესაძლოა ძალები გააერთიანონ. რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა კოალიცია, განაცხადა, რომ ის დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ახალ პარლამენტში სულ 150 ადგილი იქნება. მათი ნახევარი პარტიული სიებით არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდება, ხოლო მეორე ნახევარი 75 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში არჩეული დეპუტატებით. მმართველ პარტიას უპირატესობა აქვს ოპოზიციასთან შედარებით, რომ მეტი მანდატები მოიპოვოს ახალ პარლამენტში, მაშინ როცა კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები.

 

 

Civil.Ge © 2001-2024