”იმედის” მაუწყებლობის აღდგენა გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'08 / 10:51

ტელეკომპანია ”იმედი” 26 მარტს მაუწყებლობას აღარ აღადგენს, განაცხადა ჯოზეფ ქეიმ, ტელეკომპანიის ახალმა სავარაუდო მფლობელმა, თანამშრომლებთან შეხვეედრაზე. Civil.Ge-მ ეს ინფორმაცია ”იმედთან” დაახლოებული ორი დამოუკიდებელი წყაროდან მოიპოვა.

25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”იმედი” ოთხშაბათს საღამოს 6 საათიდან მაუწყებლობის განახლებას გეგმავდა. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილ აქციაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტები გამოჩნდნენ ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს, ჟურნალისტებმა დატოვეს აქციის ადგილი.

ჯოზეფ ქეი ტელეკომპანიის თანამშრომრომლებს 25 მარტს შეხვდა და უთხრა, რომ არ აპირებდა ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენას ოთხშაბათს.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის უფლება აქვს, თუ ტელეკომპანია მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ თვეში - 26 მარტისთვის არ აღადგენს მაუწყებლობას. თუმცა, ჯოზეფ ქეიმ განუცხადა თანამშრომლებს, რომ იურიუდიული ასპექტები ”პრობლემას არ წარმოადგენს”.

25 მარტს ასევე გახდა ცნობილი, რომ ჯოზეფ ქეიმ, ბადრი პატარკაციშვილის დეიდაშვილმა, გააუქმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილმა მედია ჰოლდინგის ”იმედის” აქციების მართვის უფლება გასული წლის ოქტომბერში ერთი წლით რუპერტ მერდოკის News Corporation-ს გადასცა.

პატარკაციშვილის ოჯახმა ჯოზეფ ქეის ”თვითმარქვია” უწოდა და იგი დოკუმენტების გაყალბების გზით ”იმედის” ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულა.

ამასობაში, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ჯოზეფ ქეი საქართველოს ხელისუფლების მითითებებით მოქმედებს, რომელიც ცდილობს ხელში ჩაიგდოს ”იმედი”. თუმცა, თავად ქეიმ უარყო ეს ბრალდებები.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 მარტს განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” ”აუცილებლად” განაახლებს მაუწყებლობას.

   

Civil.Ge © 2001-2024