ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაცია პოლიტიკურ ძალებს ნდობის აღდგენისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Mar.'08 / 11:42

თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მათიას იორში და კასტრიო ისლამი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებას და კონსენსუსის არ არსებობას უარყოფითად აფასებენ და მხარეებს საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენისკენ მოუწოდებენ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით.

მათიას იორში და კასტრიო ისლამი თბილისში 26-27 მარტს ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს ხელისუფლების პირველ პირებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

”არავითარი ცვილილება არ მომხდარა ისეთ საკითხში, როგორიც არის პოლიტიკურ მხარეებს შორის ნდობის არსებობა და მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიისათვის ეს არის ყველაზე დამანგრეველი რამ,” - განაცხადა 27 მარტს გამართულ პრესკონფერნციაზე მათიას იორშმა, ” სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ ისეთი ძირითადი საკითხი, რომელშიც სახელისუფლებო  პარტია და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ”.

”სამწუხაროდ პოლიტიკური კლიმატი საქართველოში საკმაოდ დაძაბულია და ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა,”- აღნიშნა პრესკონფერენციაზე საუბრისას კასტრიო ისლამიმ.

მათიას იორშის განცხადებით, აუცილებელია, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა არჩევნების მიმართ და ამას ხელი უნდა შეუწყოს როგორც ხელისუფლებამ, áƒ˜áƒ¡áƒ” ოპოზიციურმა პარტიებმა. 

”მინდა ყველამ გაიაზროს, რომ არ არსებობს არავითარი დემოკრატია თუ კი ქვეყანაში საზოგადოებას არ წამს თამაშის იმ წესებისა, რომელიც არსებობს პოლიტიკურ პროცესებში,” - განაცხადა იორშმა, ” რაც არ უნდა ცხარე იყოს განხეთქილება და წინააღმდეგობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისინი აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ ელემენტარულ საკითხებზე”.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ”გააორმაგონ მცდელობები”, რათა ”ზედმიწევნით და გამჭირვალედ” გამოიძიონ ყველა ტიპის საარჩევნო დარღვევა. მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები ”შესაბამისი მტკიცებულების ნაკლებობას” ასახელებენ მათი წარუმატებლობის მიზეზად გამოიძიონ განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე. ”შემდეგ ჩვენ მოვუსმინეთ სახალხო დამცველს და შევიტყვეთ, რომ მტკიცებულებები არსებობს,” - დასძინა მან. ”რა თქმა უნდა, არ ვიცით, სიმართლე რაში მდგომარებს. თუმცა, ვიცით, რომ ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს მცდელობები, რათა აწარმოოს გამოძიება”.

იორში მიესალმა გადაწყვეტილებას საარჩევნო ბარიერის 7-დან 5%-მდე შემცირების თაობაზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო საჩივრების შეტანის პროცედურები გამარტივდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ კვლავ არსებობს პრობლემა საჩივრების წარდგენის ბოლო ვადასთან დაკავშირებით.

Civil.Ge © 2001-2024