ირაკლი ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Mar.'08 / 12:33

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი სქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს.

შედეგად, ოქრუაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილი მსჯავრდებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოძალვის მუხლებით. სასამართლომ მას მოუხსნა ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი გულგრილობაზე წაყენებული ორი ბრალდება.

იმავდროულად, 28 მარტს სასამართლომ 5 წლით პირობითი სასჯელი და 10 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა ოქრუაშვილის საქმესთან კავშირში მყოფ პრეზიდენტის ყოფილ საპარლამენტო მდივანს დიმიტრი ქიტოშვილს.

სასამართლოს განცხადებით, ორივე საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული და სასამართლო გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებული ჯემალ სვანიძის ჩვენება, რომ მისი კუთვნილი წილი შპს ”ჯეოსელში” ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარ გურამ გოგუას არარეალურ ფასად დაუთმო ირაკლი ოქრუაშვილისა და დიმიტრი ქიტოშვილის მოთხოვნით. მისი ჩვენებით, წილის დათმობაზე გავლენა მოახდინა ოქრუაშვილისა და ქიტოშვილის სამსახურებრივმა მდგომარეობამ.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პოლიტიკურ არენაზე ხელახლა გამოჩენისთანავე, გასულ სექტემბერს ოთხი ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს, ამჟამად პარიზში შიდა პატიმრობაში იმყოფება. საფრანგეთის სასამართლომ მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხი 16 აპრილს უნდა გადაწყვიტოს.  

საქართველოში მის მიმართ სასამართლო საქმის განხილვა 20 მარტს ოქრუაშვილმა ”პოლიტიკურ ფარსად” შეაფასა. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დასაბლოკად გამოიტანს.


 

Civil.Ge © 2001-2024