სააკაშვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტიას იძლევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'08 / 10:29

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არის ”გარანტი” იმისა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

”თავისუფალი არჩევნების ჩატარება ჩვენთვის ეროვნული ღირსების, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს განვითარების ფუნდამენტური და უმთავრესი საკითხია ამ ეტაპზე,” - განაცხადა სააკაშვილმა 31 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, რომელთაც იმ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წარუდგინა, რომელმაც 21 მაისს სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

”ამ ჯგუფს ძალზე კონკრეტული ფუნქცია აქვს - ყველა საკითხი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ რეგულირების სფეროს შეეხება, ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ყველა საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიასთან ერთად ოპერატიულად გადაწყვიტოს და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, ძირში აღმოფხვრას ისინი,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ რადგანაც ოპოზიციამ ვერ შეძლო  კონსტრუქციული დიალოგი გაემართა ხელისუფლებასთან, მმართველმა პარტიამ საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ”ცალმხრივად” შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებელი დიალოგის მიზეზად მან ოპოზიციის შიგნით არსებული უთანხმოება დაასახელა.

ხელისუფლება არ წავიდა დათმობებზე ძირითად საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის კანდიდატებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის საშუალება მისცა (ექვსი ცამეტიდან), მან უარი განაცხადა ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლაზე და მისი თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა. 

Civil.Ge © 2001-2024