სააკაშვილი: ნატოს სამიტის შედეგი უცნობია
/ 2 Apr.'08 / 11:59
სივილ ჯორჯია

რა შედეგიც არ უნდა მოყვეს ნატოს სამიტს, ”ბუქარესტის სამიტი ყველა შემთხვევაში გადაიქცევა მნიშვნელოვან დეკლარაციად იმისა, რომ საქართველოს წინსვლა ნატოსკენ წარმატებით გრძელდება”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 აპრილს ბუქარესტში გამგზავრებამდე გაკეთებულ მიმართვაში ერისადმი. 

საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება სურს. თუმცა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გაზეთ Leipziger Volkszeitung-ს განუცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას ამის სანაცვლოდ სამიტზე შესთავაზებენ ”მთელ რიგ ძალიან პრაქტიკულ და კონკრეტულ ნაბიჯებს” ალიანსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამის შესახებ ”როიტერი” იტყობინება.

ნატოს სამიტი ბუქარესტში დღეს საღამოს იხსნება სამუშაო სადილით წევრი სახელმწიფოების ლიდერებისთვის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფილონმა 1 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგ პარიზიც გამოდის. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მისი მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ დადგება თავის პოზიციაზე, რამაც შესაძლოა განაპირობოს ბოლო წუთს გადაწყვეტილების მიღება ამ ორი ქვეყნის სასარგებლოდ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა: ”ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ნაბიჯებს გადადგამს ნატო ჩვენი გაწევრიანებისაკენ მწობრი სვლის შესანარჩუნებლად. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბუქარესტის სამიტი ყველა შემთხვევაში გადაიქცევა მნიშვნელოვან დეკლარაციად იმისა, რომ საქართველოს წინსვლა ნატოსკენ წარმატებით გრძელდება”.   

მის მიმართვას უფრო განმარტებითი ხასიათი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი. მან ასევე აღნიშნა, რომ MAP არ ნიშნავს ალიანსში გაწევრიანებას და რომ ალიანსში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა დარჩენილი.

პრეზიდენტმა ორი მთავარი მიზეზი დაასახელა - ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველების უმეტესობისთვის - თუ რატომ უნდა შევიდეს ქვეყანა ალიანსში: ”ნატოს წევრობა შექმნის ფუნდამენტურ გარანტიას საქართველოს ტერიტორიული ურღვევობისა და სტაბილურობისთვის - გარანტიას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს დიდ ეკონომიკურ ინტერესებს და დიდ საინვესტიციო კაპიტალს, რაც გამოიყვანს საქართველოს უმუშევრობის კოშმარიდან და შემოიტანს კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში”.

”იმიტომ რომ უსაფრთხო საქართველო ნიშნავს საქართველოს არა მხოლოდ სიღარიბის გარეშე, არმედ საქართველოს შიშის გარეშე და ეს არის უმთავრესი პირობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ ყველა ჩვენს ეკონომიკურ მიზანს,” - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაციასთან ერთად, საქართველოს ასევე სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ”რუსეთი არის ჩვენი უდიდესი და უმთავრესი მეზობელი, რომელთანაც გვაკავშირებს დიდი ისტორია. ისტორია, რომელიც ამავე დროს ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელია,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგი მზად არის იმუშავოს რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან, ”რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნების სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები, რათა თანამშრომლობით მოვაგვაროთ კონფლიქტები”.

 

Civil.Ge © 2001-2024