პატარკაციშვილის ოჯახი ჯოზეფ ქეის უნდობლობას უცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Apr.'08 / 18:00

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ჯოზეფ ქეის უფლებამოსილებას განაგოს გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონება.

”სწორედ ჩვენი ცხოვრების ამ ყველაზე რთული პერიოდით ისარგებლეს უღირსმა ადამიანებმა და ჩვენი ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ურცხვად დაიწყეს ბადრის ქონების დატაცება, გვართმევენ მის დანატოვარს,” - განაცხადა პატარკაციშვილის ოჯახმა 2 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

ჯოზეფ ქეი, პატარკაციშვილის დეიდის გერი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის შესაბამისად მას გააჩნია უფლებამოსილება მართოს პატარკაციშვილის ქონება. ქეი ასევე აცხადებს, რომ ანდერძი უფლებას აძლევს მას შეაგროვოს პატარკაციშვილის ქონება და შემდეგ გადაანაწილოს ოჯახის წევრებს შორის, მათ შორის პატარკაციშვილის მეუღლეზე. იგი ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანია ”იმედის” და რადიოსადგურ ”იმედის” ახალი მეპატრონეა.

”ჩვენ არ გვჯერა, რომ ჯოზეფ ქეი და მისი დამქაშები მოქმედებენ ბადრის ნებით და დასტურით,” - განაცხადა პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადებაში, ”მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, ოჯახს აქამდე არ წარედგინა მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი არც ერთი წერილობითი დოკუმენტი... ჩვენი უცხოელი იურისტები დაწვრილებით სწავლობენ ყველა სადავო საკითხს. ჩვენ გავასაჩივრებთ ჯოზეფ ქეის მიერ ოჯახის ქონების მართვის უფლებამოსილებას”.

ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატია ლორდ გოლდსმიტი, ბრიტანეთის ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამად ნიუ-იორკში მდებარე კომპანიის Debevoise & Plimpton’s European litigations-ის ხელმძღვანელი.

Civil.Ge © 2001-2024