ქვემო ქართლში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Apr.'08 / 15:45

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ქვემო ქართლის 7-ვე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა დღეს რუსთავში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

დასახელებული 7 კანდიდატიდან სამი ამავე რეგიონიდან ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატია.

თეთრიწყაროში მმართველი პარტიიდან კენჭს იყრის ამავე რაიონის მაჟორიტარი დავით ბეჟუაშვილი. იგი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი უფროსის გელა ბეჟუაშვილი ძმაა და დამფუძნებელია უმსხვილესი კომპანიის- საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, რომელიც ტელეკომპანიებში ”რუსთავი 2”-სა და ”მზეში” აქციების 45%-ს ფლობს და ასევე სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწეობს.

ბოლნისში კენჭს იყრის áƒ¡áƒáƒ¤áƒ˜áƒ ლარცულიანი, ამავე რაიონის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი;  დმანისში - კახა ოქრიაშვილი, ამ რაიონის მაჟორიტარი და სააფთიაქო ქსელის PSP-ს დამფუძნებელი.

რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატად დასახელდა დავით ნადაშვილი, ქალაქის ამჟამინდელი მერი; წალკაში - მიხეილ ცქიტიშვილი; გარდაბანში  - დავით მახნიაშვილი; მარნეულში - აზიზ სულეიმანოვი.

Civil.Ge © 2001-2024