ბაქრაძე ნატოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Apr.'08 / 18:34
სივილ ჯორჯია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ მისცეს, ქვეყანამ მიიღო ალიანსისგან მტკიცე ვალდებულება, რომ ის გახდება ნატოს წევრი, განაცხადა ბუქარესტში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

”საქართველომ ბუქარესტის სამიტზე ვერ მიიღო MAP, მაგრამ მიიღო, მე ვიტყოდი, უფრო მტკიცე პირობა იმის თაობაზე, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში. ჩვენ მივიღეთ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ალიანსი, მე პირდაპირ შემიძლია წავიკითხო რა წერია დოკუმენტში: ”ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”. ეს არის აბსოლუტურად ღია ვალდებულება ალიანსის მხრიდან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ვალდებულება გახლავთ უფრო ძლიერი ვალდებულება, ვიდრე MAP-ის საშუალებით მიღებული წევრობის პერსპექტივა და მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ახალი ეტაპი ჩვენი და ნატოს ურთიერთობაში,”- განაცხადა ბაქრაძემ ალიანსის სამიტის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ეს არის ეტაპი, როდესაც ნატო საქართველოს განიხილავს, როგორც ალიანსის წევრს. დღეს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა და ამიტომ ჩემთვის ეს დოკუმენტი და ეს ფრაზა არის განმსაზღვრელი საქართველოს მომავლისთვის,”- აღნიშნა ბარაძემ.

ბაქრაძის ეს განცხადება საკმაოდ განსხვავდება მისი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ ბუქარესტის სამიტამდე გაკეთებული განცხადებებისგან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს განაცხადა, რომ რაიმე ”ხელოვნული” გარანტია ნატოსგან MAP-ის გარდა ”მიუღებელი” იქნება საქართველოსთვის. მას ისიც კი განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიზიტის დროს, რომ ნატოსგან რაიმე ტიპის გარანტიის მიღება MAP-ის გარდა ”სისულელე” იქნება.

ბუქარესტში სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე ”ძალიან რთული დისკუსია” გაიმართა.

”ის ფაქტი, რომ საქართველომ ვერ მიიღო  MAP, არის სწორედ ამ რთული დისკუსიის შედეგი,”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ”და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  დეკემბრის საგარეო მინისტრების შეხვედრამდე მოვახერხებთ ყველა პარტნიორის დარწმუნებას იმაში, რომ მესამე ქვეყნებს არ აქვთ ვეტოს უფლება;  მოვახერხებთ ყველა პარტნიორის დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ ნატოში ინტეგრაციაა საუკეთესო გზა კონფლიქტების გადასაჭრელად და  იმედი გვაქვს, რომ ამის შედეგად დეკემბერში  მივიღებთ ტექნიკურ ინსტრუმენტსაც”.

 


Civil.Ge © 2001-2024