საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'08 / 15:27

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 6 წლის ვადით ლევან ყუბანეიშვილი გახდა.

მისი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. 4 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მის კანდიდატურას 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ყუბანეიშვილთან ერთად დირექტორობისთვის კიდევ 7 კანდიდატი იბრძოდა.

ქართული პრესა ვარაუდობდა ყუბანეიშვილის დანიშვნას ამ პოსტზე, რადგანაც მედია მას ხელისუფლების ყველაზე მისაღებ კანდიდატად მიიჩნევდა - თუმცა ეს ვარაუდი თავად ახალი გენერალურმა დირექტორმა კატეგორიულად უარყო. 

34 წლის ლევან ყუბანეიშვილი ტელევიზიასთან დაკავშირებულ ბიზნესში 1993 წლიდანაა ჩართული და მას შემდეგ სხვადასხვა თანამდებობები ეკავა სხვადასხვა ტელეკომპანიებში, ძირითადად სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციაში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინამორბედი). ყუბანეიშვილი ტელერადიოკორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის ზაზა შენგელიას მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც 1994 წელს TBC ბანკთან თანამშრომლობით TBC-TV სტუდია დააფუძნა. 2004 წელს იგი ასევე იყო ტელეკომპანია ”მზის” გენერალური დირექტორი. 2004 წლიდან ლევან ყუბანეიშვილი TBC-TV სტუდიის გენერალური დირექტორია. 2003 წელს, ნოემრის საპარლამენტო არჩევნებამდე ყუბანეიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის საარჩევნო ბლოკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო - თუმცა ეს თანამდებობა საზოგადოებრივ მაუწყებელში წარდგენილ ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის.

სამეურვეო საბჭომ პირველ ტურში ვერ შეძლო გენერალური დირექტორის არჩევა, რადგანაც ხმები გაიყო სამ კონკურენტს შორის. ყუბანეიშვილმა და პაატა ნაცვლიშვილმა, გამომცემლობის ხელმძღვანელმა, ოთხ-ოთხი ხმა მიიღეს - მაშინ როცა გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი ხმა იყო საჭირო. ”ინტერნიუს საქართველოს” დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა ერთი ხმა მიიღო. დანარჩენმა ხუთმა კანდიდატმა ხმები საერთოდ ვერ მიიღეს. ყუბანეიშვილი კენჭისყრის მეორე ტურის áƒ¨áƒ”დეგად იქნა არჩეული.  

Civil.Ge © 2001-2024