რესპუბლიკელებმა ათ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Apr.'08 / 12:48

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილი დაასახელა და იმავდროულად, განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან განაგრძოს კონსულტაციები მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინაციის მიზნით.

უსუფაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ვაკის საარჩევნო ოლქში რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს არ იყრის, რესპუბლიკური პარტია ვაკეში ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურას ასახელებს.

თბილისის დანარჩენ ოლქებში მაჟორიტარობის რესპუბლიკური კანდიდატები იქნებიან:

ივლიანე ხაინდრავა - მთაწმინდა;
თინათინ ხიდაშელი -  საბურთალო;
დავით ზურაბიშვილი - დიდუბე;
ვახტანგ ხმალაძე  - ისანი; 
ირაკლი ბათიაშვილი - ნაძალადევი;
გელა კვაჭანტირაძე - გლდანი;
გულიკო ზუმბაძე - სამგორი.

გარდა ამისა, ბათუმის ოლქში კენჭს იყრის დავით ბერძენიშვილი და ხელვაჩაურში - მურმან დუმბაძე, რესპუბლიკური პარტიის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი.

”რესპუბლიკური პარტია აცხადებს პრეტენზიას პირველობაზე ამ არჩევნებში,” - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მათი მაჟორიტარების წარდგენა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გამო áƒ áƒáƒ›áƒ“ენჯერმე გადაიდო. 

”სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები აგრძელებენ შიდა კონსულტაციებს და ამიტომ ჩვენ მათთან შეთანხმებით დღეს ვიწყებთ კანდიდატურების დასახლებას, მაგრამ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით,  პარტია მზად არის 75-ვე საარჩევნო ოლქში დააყენოს ”კონკურენტუნარიანი” კანდიდატები, თუმცა ამას დანარჩენ ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტს.

Civil.Ge © 2001-2024