სტუდია ”მაესტროს” პოლიტიკური პროგრამების ლიცენზიაზე უარი უთხრეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Apr.'08 / 11:42

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ უარი უთხრა სტუდია ”მაესტროს” პოლიტიკური პროგრამების გასაშვებად საჭირო ლიცენზიის გაცემაზე. 

სტუდია ”მაესტრო”, რომელიც თბილისში, რუსთავში, თელავსა და გორში მაუწყებლობს, მხოლოდ გასართობი და მუსიკალური პროგრამების მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

თუმცა, რამდენიმე თვის წინ ”მაესტრომ” პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი ახალი პროექტი წამოიწყო- ”პროფესია ჟურნალისტი”, თოქ-შოუ, რომელიც მოწვეულ სტუმრებს და ხშირად პოლიტიკოსებს მასპინძლობდა; ”უკომენტაროდ”, რომელიც გადასცემდა საინფორმაციო სიუჟეტებს, ძირითადად პირდაპირ ჩართვებს კომენტარის გარეშე; და ”გამოკითხვა”, სადაც ძირითადად მაყურებლები რეკავდნენ სტუდიაში და თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ.  

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანიამ მიიღო საყვედურის წერილი კომუნიკაციების კომისიიდან, რომელშიც ეს უკანასკნელი აფრთხილებდა, რომ სტუდიას არ აქვს პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება. ამან აიძულა ”მაესტრო” შეეწყვიტა სამივე პროგრამა. შემდეგ ტელეკომპანიამ ლიცენზიისთვის კომისიას მიმართა. თუმცა კომისიამ უარი უთხრა, რადგანაც მიიჩნია, რომ ”მაესტრომ“  ადრე მინიჭებული ლიცენზიის პირობები დაარღვია და ამის გამო გაფრთხილება მიიღო.

სტუდია ”მაესტროს” ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 8 აპრილს განაცხადა, რომ áƒ›áƒáƒ áƒ”გულირებელი კომისიის უარი იყო მხოლოდ საბაბი და მან არსებული პრეცედენტი გაიხსენა, როდესაც 2006 წელს ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ლიცენზიის პირობები თავად კომისიამ შეცვალა. ღლონტის თქმით, მაშინ ”პირველ სტერეოს” არც მიუმართავს კომისიისთვის ლიცენზიის პირობების შეცვლის მიზნით. ”პირველი სტერეო” იმ მედია ჰოლდინგის ნაწილია, რომელსაც გელა ბეჟუაშვილის ძმა, დავით ბეჟუაშვილი ფლობს. ჰოლდინგში ასევე შედიან ტელეკომპანიები ”რუსთავი 2” და ”მზე”.

”პირველად კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიის პირობების შეცვლის მიზნით ნოემბრის ბოლოს მივმართეთ,” - განუცხადა ღლონტმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, ”მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ახალი ლიცენზიის აღება უფრო ადვილი იყო, ვიდრე არსებული პირობების შეცვლა. თუმცა ეს ”ადვილი” პროცესი ხუთი თვე გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ამ საკითხის ერთ თვეში მოგვარება. ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ, რომ მიგვეღო ლიცენზია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს პროცესი გაიწელა”.

ამასობაში, სტუდია ”მაესტრო” გადასცემდა თავის სამ ახალ პროექტს. ”მაგრამ ეს არ იყო [სამაუწყებლო ლიცენზიის პირობების] დარღვევა,” - განაცხადა ღლონტმა. მისი თქმით, იგი შეხვდა კომუნიკაციების კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსს და მხარეებმა მიაღწიეს ”სიტყვიერ შეთანხმებას”, რომ კომისიია სიტყვიერად გააფრთხილებდა ტელეკომპანიას საყვედურის ოფიციალური წერილის გამოშვებამდე. ღლონტის თქმით, კომისიამ სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია. 

”მე ასეთი გზა ავირჩიე, რომ მივცე შანსი მარეგულირებელ კომისიას იმისა, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ”მაესტროსთან” მიმართებაში სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი და ამიტომ ჩვენ შეგვაქვს მოდიფიცირებაზე განაცხადი და თუ უახლოეს დროში არ დაკმაყოფილდა  ეს განაცხადი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აპირებენ ამ ლიცენზიის მოდიფიცირებას,” - განაცხადა ღლონტმა.

Civil.Ge © 2001-2024