თავისუფალი სიტყვის დასაცავად მდუმარე აქცია გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Apr.'08 / 16:51

თავისუფალი სიტყვის დაცვის მიზნით სტუდია ”მაესტროში” მომუშავე ჟურნალისტებმა და სხვა მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის შენობის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ”მაესრტოს” ხელმძღვანელის მამუკა ღლონტის ინიციატივით გაიმართა.

ჟურნალისტებს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტუდიის ხელმძღვანელობამ აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულომა კომისიამ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური პროგრამების ლიცენზიის მისაღებად სტუდიის მიერ წარდგენილი განაცხადი.

რამდენიმე თვის წინ ”მაესტრომ” პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი ახალი პროექტი წამოიწყო- ”პროფესია ჟურნალისტი”, თოქ-შოუ, რომელიც მოწვეულ სტუმრებს და ხშირად პოლიტიკოსებს მასპინძლობდა; ”უკომენტაროდ”, რომელიც გადასცემდა საინფორმაციო სიუჟეტებს, ძირითადად პირდაპირ ჩართვებს კომენტარის გარეშე; და ”გამოკითხვა”, სადაც ძირითადად მაყურებლები რეკავდნენ სტუდიაში და თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ.   მოგვიანებით იმის გამო, რომ სტუდიას ამ პროგრამების გაშვების შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა კომისიისგან საყვედური მიიღო.

მამუკა ღლონტის განცხადებით, გადაცემა ”პროფესია ჟურნალისტი” კვლავ გავა ეთერში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტი და რესპონდეტი. თუმცა გადაცემა ეთერში უხმოდ გავა კლასიკური მუსიკის ფონზე, ხოლო სრული ვერსიის ნახვის საშუალება მაყურებელს ინტერნეტის საშუალებით ექნება. მამუკა ღლონტის განცხადებით, ესეც პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა.
 

 

Civil.Ge © 2001-2024