სახელმწიფო მინისტრი: საქართველო ძალიან ახლოსაა ომთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 May.'08 / 15:03

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 6 მაისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჩვენ ფაქტიურად თავიდან უნდა ავიცილოთ ომი,” იტყობინება ”როიტერი”.

კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის სიტუაცია ომთან, მან უპასუხა: ”ძალიან ახლოს, რადგანაც ჩვენ რუსებს კარგად ვიცნობთ. ჩვენ ვიცით, თუ რისი სიგნალია, როდესაც ხედავ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდას. ჩვენ ვხედავთ, როგორ შემოდიან რუსული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე [აფხაზეთში] ყალბი ინფორმაციის საფუძველზე”.

მან მოუწოდა ევროკავშირს უფრო აქტიური როლი ითამაშოს დაძაბულობის შემცირებაში, მათ შორის კონფლიქტის ზონაში საპოლიციო ოპერაციებში მონაწილეობით. თუმცა, იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებთან გამართული მოლაპარაკებების დროს ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.  

 

Civil.Ge © 2001-2024