ირაკლი ალასანიამ სოხუმში შეხვედრები გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 May.'08 / 11:17
საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია 12 მაისს მოულოდნელი ვიზიტით სოხუმს ეწვია და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები.

 

ინფორმაცია ვიზიტის დეტალების თაობაზე მწირია. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული, ქართული მხარის ინიციატივით შედგა. ვიზიტიდან ცოტა ხნის შემდეგ ალასანია ნიუ-იორკში გაემგზავრა ისე, რომ პრესისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

”ჩვენ მზად ვართ პირდაპირი ურთიერთობისთვის აფხაზურ მხარესთან და ის ფაქტი, რომ ბატონი ირაკლი ალასანია ჩავიდა სოხუმში არის ჩვენი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება საერთო ენა მოვძებნოთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან,” - განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 13 მაისს.

ალასანიას შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სოხუმს 10-11 მაისს სტუმრობდა აშშ-ს დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას ხელმძღვანელობით.

ქართული და აფხაზური მხარეების ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ბოლოს 2007 წლის ოქტომბერში გაიმართა, როდესაც მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა სოხუმში.

ალასანია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში სოხუმის პატივისცემით სარგებლობდა, ამ პროცესს 2006 წლის ივნისში ჩამოშორდა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი საქართველოს ელჩად დანიშნა გაეროში - ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადგილობრივმა ექსპერტმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

ამ დანიშვნამდე ალასანია იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. ამ რანგში ალასანიამ შეძლო 2006 წლის მარტში შეთანხმებულიყო აფხაზურ მხარესთან ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენაზე. მას შემდეგ საბჭო არ შეკრებილა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ წარსულში ალასანიას შესახებ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის იყო ”ძალიან კონსტრუქციული პიროვნება”, რომელთანაც შესაძლებელი იყო საუბარი გამართვა.

Civil.Ge © 2001-2024