პირველი საერთაშორისო რეაქცია საქართველოს არჩევნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'08 / 10:30

ერთობლივ განცხადებაში ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს საქართველოს ”თავისუფალი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით დემოკრატიის გამოცდის ჩაბარება”.

”წინასწარი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არჩევნები საქართველოში, ზოგადად, საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ჩატარდა,” - ნათქვამია განცხადებაში.

”ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები განაგრძობენ საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის გაღრმავებას და მხარს დაუჭერენ ევრო-ატლანიკური სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმართულ მცდელობებს,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი რუპელმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, 22 მაისს განაცხადა, რომ ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ”საიმედოა”.

”არჩევნების პირველი შეფასება ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ ინფორმაციას [საერთაშორისო დამკვირვებლებისგან],” - იტყობინება AFP რუპელის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ლიუბლანას მახლობლად ევროკავშირის ტროიკასა და უკრაინის  შეხვედრამდე გააკეთა. ”ჩვენ ყველას გვინდა სტაბილური საქართველო და გვინდა, რომ იქ ვითარება გაუმჯობესდეს. როგორც ჩანს, ახლა [სიტუაცია] უკეთესი იყო, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს დამაიმედებელი შედეგია,” - განაცხადა რუპელმა.

Associated Press-ი იტყობინება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ტომ კეისის სიტყვებზე დაყრდნობით: ”ძალიან მოხარული ვართ, რომ არჩევნები ზოგადად დადებითად ჩატარდა”. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯერაც განაგრძობს არჩევნების შეფასებას. 

მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 22 მაისს განაცხადა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.

იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ დასკვნაში OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ”[5 იანვრის საპრეზიდენტო] არჩევნები, თავისი არსით, თანმიმდევრული იყო, რომლის დროსაც დაცული იყო ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებები და სტანდარტები დემოკრატიული არჩევნების თაობაზე”.

ამგვარი ტიპის განსჯას არ შეიცავს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) წინასწარი განცხადება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
  

Civil.Ge © 2001-2024