სოლანა მიესალმება არჩევნების ”მშვიდობიანად ჩატარებას”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'08 / 21:58

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ”იგი მოხარულია საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების გამო”.

სოლანა 23 მაისს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსამსახურის ცნობით, სოლანა ასევე მიესალმა ”მცდელობებს, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებების შესაბამისად, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ხარვეზი რჩება აღმოსაფხვრელი”.

ეს განცხადება შესაბამისობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მოხსენებასთან, სადაც ნათქვამია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.

სოლანამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ”საპარლამენტო უმრავლესობა თავის მანდატს პასუხისმგებლობით მოეკიდება და ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზებს დიალოგში ჩართვას, რათა მიღწეულ იქნას კონსენსუსი საარჩევნო რეფორმაზე”.

ამასობაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ კარლ ბილდტმა, რომელიც ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, 23 მაისს განაცხადა: ”უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამავე დროს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მცდელობებს, რათა ჯეროვნად აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა მთელ რიგ ადგილებში, ასევე უზრუნველყოფს საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის ზუსტ და გამჭირვალე პროცესს”. 

 

Civil.Ge © 2001-2024